ზუგდიდის N6 სკოლაში ინსპექტირების შედეგად ამ ეტაპზე დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება, – ამის შესახებ პირველ არხს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს. საგამოძიებო უწყებამ სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტების შესწავლა ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას განცხადების მიხედვით დაიწყო.
უყებასი აცხადებენ, რომ გრძელდება საკითხის შესწავლა და შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია.
„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტების შესწავლა ბაჩანა შენგელიას განცხადებაში დასახელებული გარემოებების მიხედვით დაიწყო.
დამატებითი წერილობითი ინფორმაციის მისაღებად, საგამოძიებო უწყებაში, ბაჩანა შენგელიას გარდა, გამოიკითხნენ განათლების სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი და ინსპექტირების სამსახურის თანამშრომლები.
ამ ეტაპზე მოპოვებული ინფორმაციით, დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. გრძელდება საკითხის შესწავლა და შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია“, – აცხადებენ პროკურატურაში.