საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ნუსხა დამტკიცდა.
ბრძანებაში ჩამოთვლილი საქმიანობის სფეროს წარმომადგენლებისთვის სხვადსხვა ტიპის აცრების ჩატარება სავალდებულო გახდა.
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისთვის სავალდებულოა B ჰეპატიტის, გრიპის, წითელა-წითურის, ტეტანუსისა და დიფტერიის აცრა.
პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალისთვის სავალდებულო გახდა B ჰეპატიტის, ტეტანუსის და დიფტერიის აცრა.
თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის თანამშრომლებისთვის – B ჰეპატიტის, გრიპის, წითელა-წითურის, ტეტანუსის, დიფტერიის, გიპის და ცოფის აცრა.
ვეტერინარიასა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალისთვის ცოფის, ტეტანუსის, დიფტერიის და გრიპის აცრაა სავალდებულო.
საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების პედაგოგები, აღმზრდელები და სხვა პერსონალი კი ვალდებულები არიან აიცრან წითელა-წითურაზე, ტეტანუსზე, დიფტერიაზე და გრიპზე.
მინისტრ დავით სერგეენკოს ბრძანებაში მოცემულია ინფორმაცია ცალკეულ ვაქცინაციასთან დაკავშირებული უკუჩვენებებისა და გაფრთხილებების შესახებ. ასევე მოცემულია ინფორმაცია, თუ როგორ განისაზღვრება იმუნოდეფიციტის მქონე პირების იმუნოსუპრესიული თერაპიის შემდგომი ვაქცინაცია და სისხლის პრეპარატების გამოყენების შემდეგ ცოცხალი ვაქცინების შეყვანის ინტერვალები.
იხილეთ ინფორმაცია უფრო დეტალურად ბრძანებაში.