“ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა შემდეგ სამიტზე საქართველო ნატოში უნდა მიიწვიოს” – განცხადება ამის შესახებ ამერიკელმა გენერალმა ბენ ჰოჯესმა გააკეთა.
ევროპაში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ყოფილმა მეთაურმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაზე „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ილაპარაკა.
ბენ ჰოჯესის თქმით, ალიანსის წევრები უკან იმის გამო იხევენ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს აქვს ოკუპირებული.
ამერიკელ გენერალს მიაჩნია, რომ საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა და დასამტკიცებელი არაფერი აქვს.
“ქართველმა ჯარისკაცებმა დიდი მსხვერპლი გაიღეს ავღანეთში. ახლა ალიანსის ჯერია – მან უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯი და საქართველო ნატოში მიიწვიოს,” – აცხადებს ამერიკელი გენერალი.