LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის შემოიტანენ ნავთობიმპორტიორები ევრო 6-ის სტანდარტის საწვავს?

145

შემოიტანენ თუ არა ნავთობიმპორტიორები ევრო 6-ის საწვავის, ეს მათი მარკეტინგის გადასაწყვეტია, – ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი კოტრიკაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იმპორტიორების უმრავლესობა ამ დროისთვის ევრო 4-სა და ევრო 5-ის სტანდარტის საწვავის იმპორტს ახორციელებს.

”რაც შეეხება ევრო 6-ის შემოტანას, ალბათ, ეს მათი მენეჯმენტის გადასაწყვეტია. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, მომავალი წლიდან შემოიტანენ თუ არა ევრო 6-ს, მაგრამ არ არის გამორიცხული,” – განაცხადა კოტრიკაძემ.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ ”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” საწვავის ხარისხის კონტროლის გამკაცრების საკითხზეც ისაუბრა.

”დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროექტი კანონად გადაიქცევა და იქნება აღსრულების მექანიზმი, რადგან აქამდე მხოლოდ მთავრობის დადგენილება არსებობდა. იყო ფარატინა ქაღალდი და აღსრულება არ ახლდა. ეს თუ განხორციელდება, საწვავის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება” – განაცხადა კოტრიკაძემ.

საქართველოს ტერიტორიაზე ტყვიაშემცველი საწვავის იმპორტი და რეალიზაცია მკაცრდება. შესაბამისი ცვლილება შედის ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში,“ რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს უკვე წარედგინა.