ხორბლის ფქვილის სავალდებულო ეტიკეტირება პურზე ფასის ზრდას არ გამოიწვევს, ამის შესახებ მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელმა, მადონა კოიძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. საქმე ეხება რეგულაციას, რომელიც 1 იანვრიდან ამოქმედდება და რომლის მიხედვითაც შეძენილ ფქვილზე განთავსებული უნდა იყოს ეტიკეტი, სადაც მომხმარებელი პროდუქტის ხარისხის შესახებ ინფორმაციას მიიღებს.
”ხორბლის ფქვილისა და ნებისმიერი პროდუქტის ეტიკეტირება, კანონმდებლობით, ისედაც სავალდებულო იყო. ამ ეტაპზე რეგულაცია გამკაცრდა და ყველა პროდუქტი უნდა იყოს მარკირებული. ეს ფასის ზრდას არ გამოიწვევს” – განაცხადა მადონა კოიძემ.
მომხმარებელთა ფედერაციის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ხორბლის პურის ეტიკეტირება საკმარისი არ არის და აუცილებელია იგივე რეგულაცია შავ და ჭვავის პურზეც გავრცელდეს.