LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადავო კანონპროექტი სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდება

117
shutterstock_1171435966

თავდაცვის კომიტეტის სადავო კანონპროექტი სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდება.

პროექტით უქმდება კანონის ის ნორმა, რომლის მიხედვით მღვდელთმსახურები ან სასულიერო სასწავლებელში მყოფი პირები, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ.

ცვლილება არ ეხება მართლმადიდებელ სასულიერო პირებს. კრიტიკა ოპონეტების მხრიდან სწორედ ამ საკითხს მოყვა. ევროპული საქართველოს წევრის ოთარ კახიძის განცხადებით კანონპროექტი დისკრიმინაციულია. პარტია  ვითარების მოსაწესრიგებლად ხელისუფლებას, პროფესიულ საკონტრაქტო საჯარისო სამსახურზე გადასვლას სთავაზობენ.

„აშკარად არაკონსტიტუციურ ინიციატივას გვთავაზობს „ქართული ოცნება“, ვთვლით, რომ ეს არის მიუღებელი და დაუშვებელი. ყველა რელიგიური გაერთიანება და კონფესია უნდა იყოს თანაბარი კანონის წინაშე და ეს პრინციპი უნდა დაიცვას სახელმწიფომ. ხოლო რაც შეეხება სამხედრო სავალდებულო სამსახურს, აქ გამოსავალი არის პროფესიულ საკონტრაქტო საჯარისო სამსახურზე გადასვლა სრული მოცულობით,“-ამბობს ოთარ კახიძე.

ცვლილებების ავტორი ირაკლი სესიაშვილი კი განმარტავს, რომ კანონპროექტი მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე არ გავრცელდება, რადგან მისი თქმით, მართლმადიდებლურ ეკლესიასთან კონკორდატის სახით შეთანხმება არსებობს.

„ჩემი კანონპროექტი დისკრიმინაციული არ არის. უქმდება ყველასთვის ის შეღავათი, რაც გულისხმობს მღვდელმსახურებისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გადავადებას. ჩემი პროექტით ეს ყველასთვის უქმდება.თუ სხვა ნორმაში, მართლმადიდებელი მღვდელმსახურებისთვის არსებობს რაიმე შეღავათი, ეს არის სხვა საკითხი. მე თუ მკითხავთ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაექვემდებაროს ერთნაირ რეგულაციას,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ამასთან, აღნიშნულ კანონპროექტთან ერთად ცვლილებები „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შედის, რომლის მიხედვით, თუ წვევამდელები სურვილს გამოთქვამენ, სწავლის პარალელურად სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში მოიხადონ, ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებენ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი შეღავათებით ისარგებლებენ და სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

კანონპროექტის ინიცირება ბიუროზე გუშინ უნდა მომხდარიყო, თუმცა სხდომა დღეისთვის გადაიდო.