LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის და რა უნდა შვეიცარიას: საქართველო რუსეთის მსგავსია, ოღონდ ბრაზილიური სტილით

191
54256408_2116086465093369_2002623661055410176_o

შაბათს, საქართველოს ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს დაიწყებს. პირველი მეტოქე ფავორიტი და ძალიან ძლიერი შვეიცარიაა. ჩვენი მეტოქე ციურიხში ემზადება.

ამის დასტურია ის, რომ შვეიცარიის ნაკრები ფიფას რეიტინგში მერვე ადგილზეა და წილისყრისას პირველი კალათაში იყო.

მეტოქის სიძლიერის კიდევ ერთი დასტურია, ამ გუნდის გამოსვლა ერთა ლიგაზე. შვეიცარია A დივიზიონის მე-2 ჯგუფში იყო ბელგიისთან და ისლანდიასთან ერთად.
4 მატჩიდან ჩვენმა მეტოქემ სამი მოიგო – შინ ისლანდიასთან (6:0) და ბელგიასთან (5:2), სტუმრად – ისლანდიასთან (1:2) და ერთი წააგო ბელგიასთან (1:2). შვეიცარია ჯგუფში პირველი ადგილზე გავიდა და პლეი-ოფში პორტუგალიას შეხვდება.

2014 წლიდან შვეიცარიელებს ვლადიმერ პეტკოვიჩი წვრთნის. მან გუნდი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მერვედფინალში გაიყვანა.

შემადგენლობიდან აღსანიშნავია მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ მეკარე იან სომერი, დიდი ალბათობით, სწორედ ის ჩადგება საქართველოსთანაც კარში.
შვეიცარიელთა კაპიტანია სტეფან ლიხშტაინერი, რომელიც ახლა ლონდონის “არსენალშია”, მანამდე კი „იუვენტუსში“ თამაშობდა საკმაო ხანს. ცნობილი მცველია “მილანელი” რიკარდო როდრიგესი.

„არსენალის“ ძირითადში თამაშობს ნახევარმცველი გრანიტ ჯაკა. შეტევაში კი შვეიცარიის იმედი “ბენფიკას” ფორვარდი ჰარის სეფეროვიჩია.

საქართველოსთან ტრავმის გამო არ ითამაშებს ნაკრების წამყვანი ფეხბურთელი, „ლივერპულის“ წევრი შაჩირი.

სხვა ფეხბურთელებიც კარგ გუნდებში გამოდიან:

მანუელ აკანჯი (“დორტმუნდი”), ნიკო ელვედი (“გლადბახი”), ტიმ კლოზე (“ნორვიჩი”), ფაბიან შერი (“ნიუკასლი”), სტივენ ცუბერს („შტუტგარტი“), რემო ფროილერი (“ატალანტა”).

შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა საქართველოსთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ბოსნიელმა სპეციალისტმა ჩვენი გუნდის დახასიათებისას აღნიშნა, რომ საქართველო რუსული სტილით თამაშობს, თუმცა ბრაზილიურ იდეებსაც ურევს.

– თვითდაჯერებულ გუნდს ვეთამაშებით, რომელმაც ერთა ლიგაზე 6-დან 5 თამაში მოიგო და ერთხელ ფრე ითამაშა. მათ რუსული სტილი აქვთ, მაგრამ ბრაზილიური იდეით. ყოველთვის ლამაზი ფეხბურთის თამაშის სურვილი აქვთ და კრეატივის შექმნა სურთ. ისინი სახლში, 50 ან 60 ათასი მაყურებლის წინაშე სიამაყით თამაშობენ. ჩვენ ფავორიტები ვართ, მაგრამ ყურადღებით უნდა ვიყოთ.

მოედანზე ისეთი ფეხბურთელები იქნებიან, რომელთაც ჩემპიონთა ლიგაზე უთამაშიათ. მაგალითად სოლომონ კვირკველია და ჯანო ანანიძე.

კარგ და ცუდ დასაწყისს შორის დიდი განსხვავებაა. გვინდა, დავიწყოთ ისე, როგორც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, პირველივე თამაში მოვიგოთ. ეს კარგ განწყობას შექმნის.

 

საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების მატჩი 23 მარტს, „დინამო არენაზე“ 18:00 საათზე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები