კენჭისყრას არ დავესწარი, ეს ჩემი პროტესტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, დღეს უმრავლესობამ ქვეყნისთვის სახიფათო კანონპროექტს მისცა ხმა.
„ძალიან მძაფრი პროტესტი მაქვს იმის გამო, რომ უმრავლესობამ ვერ გააცნობიერა, რამდენად სახიფათოა, ქვეყნისთვის საზიანო კანონპროექტს მისცენ ხმა. კენჭისყრის დროს იმ სივრცეში ყოფნაც აღარ მინდოდა, სადაც პროცესისთვის თვალი უნდა მედევნებინა. შედეგობრივი თვალსაზრისით მიხვდებიან, რა ცუდი რაღაც გააკეთეს. კერძოდ, მომავლისთვის, ქვეყნისთვის, დემოკრატიისთვის, თავისუფლებისა და საკუთარი თავისთვის,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.
კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრობს გედევან ფოფხაძეც და შიდაპარტიული ზეწოლაზე საუბრობს, რომელიც მისი შეფასებით, მსჯელობას აზრს უკარგავს. მისივე განცხადებით, პარლამენტის წევრების თავისუფალი ნება მაქსიმალურად შეზღუდულია.
„როცა ვცდილობთ, ერთმანეთი რაღაცაში დავარწმუნოთ, იმის გარანტია უნდა გვქონდეს, რომ საქმე თავისუფალ სივრცესთან და თავისუფალ ადამიანებთან გვაქვს. თუ ადამიანები შიდა პარტიულ ზემოქმედებას განიცდიან და მათ მიუთითებენ, როგორ უნდა მოიქცნენ და გადაწყვეტილება როგორ უნდა მიიღონ, რა არგუმენტებიც უნდა დავუპირისპირო, მსჯელობას აზრი აღარ აქვს. კონსტიტუციაში წერია, რომ დეპუტატს თავისუფალი მანდატი აქვს, კონსტიტუციური გარანტიები სწორედ იმიტომ არის, რომ მის საქმიანობაში არავინ ჩაერიოს. როცა პირდაპირი მინიშნებაა, რომ პოზიციას თუ უპირობოდ არ გაიზიარებს, გუნდიდან გარიყავენ, ნებისმიერი არგუმენტით საუბარი აზრს კარგავს. როგორი კარგი არგუმენტებიც უნდა მქონდეს, მეორე მხარეს პარტიული დისციპლინიდან გამომდინარე, პოზიცია ჩამოყალიბებული აქვს და ისეთ მდგომარეობაში ვართ, შეაყარე კედელს ცერცვიო,” – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
დღეს პარლამენტმა, მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის კანონპროექტს მხარი დაუჭირა. “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით 89 ხმით მიიღეს.