თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე ქალაქის განაშენიანების პროექტს – „ეკო გრინ სითი“-ს პერსპექტივებს განიხილავენ ბრატისლავაში, სადაც ვიზიტად იმყოფებიან თბილისის მერი დავით ნარმანია და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე. ქართული დელეგაცია შეხვედრებს მართავს სლოვაკეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, საერთაშორისო საპროექტო არქიტექტორულ ორგანიზაციებთან და საბანკო-საფინანსო სექტორების წარმომადგენლებთან.
„ჩვენ ვისაუბრეთ, როგორც პოტენციურ საპროექტო ორგანიზაციებთან, ასევე, საბანკო-საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან, ვინც აქტიურად უნდა იყოს ჩართული პროექტის განხორციელებაში, რათა ჩვენი ქალაქისათვის, მართლაც, მნიშვნელოვანი პროექტი მივიღოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ასეც იქნება. პროექტი, ერთის მხრივ, იქნება ინოვაციური და მეორეს მხრივ, ხელს შეუწყობს ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას, შესაბამისად, მნიშვნელოვანია როგორც დედაქალაქისთვის, ისე საზოგადოებისთვის“,- განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.
ბრატისლავაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო პროექტის შინაარსს, მის პერსპექტივებსა და ქართული მხარის როლს სლოვაკური, მოცულობითი ინვესტიციების განხორციელების პროცესში.