ზუგდიდში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკა აშენდება. ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.
„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქალაქ ზუგდიდში ააშენებს ახალ ბიბლიოთეკას, რომელსაც მიენიჭება საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელი,“ – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილის აღსანიშნავად, 31 მარტს სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.
“საქართველოს ფოსტა ზვიად გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებით გამოსცემს მარკას, განათლების სამინისტრო, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდთან ერთად, ქართველოლოგიის განვითარებისთვის უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის დააწესებს ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიას, რომელიც გაიცემა ყოველწლიურად 31 მარტს.
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყობა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ზვიად გამსახურდიას ნაშრომები, ინტერვიუები, ფოტოები, წიგნები,“ – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.