მწერალი და მთარგმნელი, ირაკლი ლომოური აღწერს იმ საინტერესო თავგადასავალს, რომელიც ახლახან გადახდა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, პოეტ ლია ლიქოკელის საღამოზე, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში იმართება, ბილეთების ყიდვა ძალიან უნდოდა და სალაროში მისვლა ბოლო მომენტში შეძლო, როდესაც შეიტყო, რომ მხოლოდ ორი რიგიღა იყო დარჩენილი…“
„თავქუდმოგლეჯილი გავვარდი ამ დილას სალაროში (12 საათზე იხსნება, – ეგ ჩემთვის დილაა). მოკლედ, პირველის ნახევარზე იქ ვიყავი. ვეკითხები მოლარე ქალბატონს, „ლია ლიქოკელის საღამოზე ბილეთები ხომ გაქვთ?“ „ერთი ცალიღა დაგვრჩაო!“ ვაჰ!… თან გამიხარდა და თან მეწყინა, რადგან ორი ბილეთი მინდოდა – მეუღლესთან ერთად ვაპირებდი საღამოზე… მაგრამ რას გავაწყობდი? ამოვიოხრე და ვუებნები: „მომეცით ეგ ერთი ბილეთი“… „თქვენი პირადობა მიბოძეთ, თუ შეიძლებაო,“’ – ქალბატონი მოლარე მპასუხობს. „და რად გინდათ–მეთქი?“ – ვერ გავიგე. „უნდა გავაფორმოთ ბილეთიო!“ „ვაჰ! – ვფიქრობ, – ევროპაში უვიზოდ გვიშვებენ და თეატრში კი საბუთის და გაფორმების გარეშე ვეღარ შესულა პატიოსანი პროზაიკოსი!“… პირადობა, ცხადია, არ მქონდა. „მაშინ ზეპირად მითხარით ნომერიო“, – ქალბატონმა მოლარემ… ცხადია, არ მახსოვდა. „მაშინ, ვერაფრით დაგეხმარებითო!“ გამოვედი ქუჩაში, ვდგავარ, ღაპაღუპით ჩამომდის სიმწრის ცრემლები…. გაჩერდა სიმპათიური ქალიშვილი, შემომხედა (მეთქი, ვეცნობი), ხელჩანთას ხსნის (მეთქი, ალბათ ავტოგრაფი უნდა…), თურმე ხურდას მაძლევს. „არა, არა, გმადლობთ!“ – ვიუარე. „მე მეგონა, გიჭირდათ“, – ჩაილაპარაკა ქალიშვილმა. “ეჰ, კი მიჭირს, ერთი ბილეთია დარჩენილი ლია ლიქოკელის საღამოზე და არ მაძლევენ, რადგან პირადობა არ მაქვს და არც ნომერი მახსოვს…“ „და გეთქვათ ნებისმიერი ნომერი, გადაამოწმებდნენ თუ რა?“ – მეუბნება ქალიშვილი. „არა, არა, მე კანონმორჩილი მოქალაქე ვარ, სახელმწიფოს ვერ მოვატყუებ!“ – ვაცხადებ ღირსეულად. აბა, ხომ არ ვეტყვი, რომ, უბრალოდ, ვერ მოვიფიქრე ესოდენ მარტივი ხრიკი… „მე დაგეხმარებით,“ – მეუბნება ქალიშვილი, – „აგერ ჩემი პირადობა…“
აი, ასე კეთილად დამთავრდა ჩემი „ლიქიოკიადა“. ბილეთიც ვიშოვე და ადამიანების რწმენაც განმიმტკიცდა! ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატი იქა, ბილეთ აქა!
P.S.
ისე, მართლა არ მესმის, რა საჭიროა ეს ბიუროკრატიული პროცედურა? როდესაც ამის შესახებ მოლარე ქალბატონს ვკითხე, ჯავრიანად მომიგო: „აღარ შემიძლია, ყველა მაგას მეკითხება, მე რა შუაში ვარ, დავიღალე, მე ხომ არ მომიგონიაო!”… საგანგებო ბარათზე ხელიც კი მომაწერინა, ბილეთი როდესაც გადმომცა…
P.P.S.
წინ, ევროპისაკენ!“

