პანორამა თბილისზე, საიდანაც სამი მუშა ჩამოვარდა, სიმაღლეზე სამუშაოები შეაჩერეს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.
“იმისთვის, რომ ზუსტად მოვახდინოთ იდენტიფიცირება, გვჭირდება გამოკითხვა შემსწრე პირების და იმ ადამიანების ,რომელბიც გადიან მკურნალობას. მანამდე, ვინაიდან სიმაღლეზე სამუშაოებს უკავშირდება ეს პროცესი, მივიღეთ შეჩერების გადაწყვეტილება”, – განაცხადა ფერაძემ.
პანორამა თბილისის მშენებლობიდან გადმოვარდნილი ორი მუშა ამტელ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ხოლო ერთი ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება. ექიმების განცხადებით, დაშავებული ორი მუშის მდგომარეობა სტაბილურია, ერთს გამოკვლევები უტარდება.
„თბილისი პანორამის“ მშენებლობაზე სამი მუშა დღეს დაშავდა. შემთხვევა თავისუფლების მოედანზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.