მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა პოეტსა და მთარგმნელ გიორგი ლობჟანიძეს უმასპინძლებს. შეხვედრა დღეს, პროექტის “ცოცხალი წიგნები” ფარგლებში გაიმართება.
პირველი თებერვლიდან, მთელი წლის განმავლობაში, ყოველ მესამე ორშაბათს, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა “ცოცხალი წიგნების” მონაწილე მწერლებს მასპინძლობს, რომლებიც მკითხველებს საკუთარ შემოქმედებას მონო-სპექტაკლის სახით აცნობენ.
ბილეთის ფასი 7 ლარია და მისი შეძენა მსურველებს მარჯანიშვილის თეატრის სალაროში შეუძლიათ. ქართველი მწერლების მონო-სპექტაკლებზე დასწრება სტუდენტებისთვის თავისუფალია.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უპრეცედენტოდ მასშტაბური ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი “ცოცხალი წიგნები” 2015 წლის 14 იანვარს, დედაენის დღეს დაიწყო.
პროექტი, რომელშიც 75 მწერალია ჩართული, ოთხ ეტაპად განხორციელდა და გულისხმობდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებში სტუმრობას, მკითხველთან შეხვედრას, პოეზიის საღამოების გამართვას და დისკუსიებს ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე.
“პროექტმა დროთა განმავლობაში უფრო მასშტაბური სახე მიიღო. ამჟამად, “ცოცხალი წიგნები” შეხვედრებს მართავს სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და სამხედრო ნაწილებში. მარჯანიშვილის თეატრთან თანამშრომლობის დაწყების შემდეგ, მკითხველი მწერლის შემოქმედებას ახალი ფორმით, მონო – სპექტაკლის სახით გაეცნობა. პროექტის “ცოცხალი წიგნები” მსვლელობისას, მწერლები აწარმოებენ დღიურებს და ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც, პროექტის დასრულების შემდეგ, წიგნი “მწერლის დღიურები” გამოიცემა. პროექტის ავტორია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე, პროექტის კურატორი მარიამ წიკლაური.
2015 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ლიტერატურული პროექტი – “ცოცხალი წიგნები” საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯილდოს “წლის საუკეთესო მოვლენა ლიტერატურის დარგში” მფლობელი გახდა”, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.