LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭიათურის საბაგიროს პროექტში საპატრიარქოს შენიშვნები გაითვალიწინეს

274

ჭიათურის საბაგიროს სარეკონსტრუქციო სამუშაოები აპრილიდან დაიწყება. ამ დროისთვის კი არსებული მიწის ნაკვეთების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაფორმების პროცესი მიმდინარეობს, რათა მშენებელ კომპანიას მშენებლობის დაწყების ნებართვა მიეცეს.

როგორც ”ფორტუნას” ჭიათურის გამგებელმა სულხან მახათაძემ განუცხადა, ძველი საბაგიროების დემონტაჟი სავარაუდოდ, ორ კვირაში დასრულდება, აპრილიდან კი პროექტი ახალი საბაგიროების მშენებლობით გაგრძელდება.

რაც შეეხება საბაგიროს მეოთხე სადგურის პროექტს, რომელსაც საპატრიარქო ეწინააღმდეგებოდა, ჭიათურის გამგებლის განმარტებით, შეიცვალა და ის ანდრის პირველწოდებულის სახელობის ეკელსიის საკურთხევლის მხრიდან აღარ გაივლის.

”ძველი საბაგირო, რომელიც სამი მიმართულებით გადაადგილდებოდა,  ისევ ერთი კონსტრუქციიდან წავა სამივე მიმართულებით. საპატრიარქოს შენიშვნა, რომ საკურთხევლის მხარეს არ გაევლო საბაგიროს, გავითვალისწინეთ და ეს სადგური სხვა ადგილზე გადავიტანეთ” – განუცხადა ”ფორტუნას” მახათაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ცვლილებას გარკვეული თანხა დასჭირდა, რომელიც ქართულმა მხარემ გამოყო, რადგან, ჭიათურის გამგებლის განმარტებით, ფრანგული მხარის მიერ გამოყოფილი თანხა ტექნიკურ ნაწილზე – საყრდენი ბოძების, გონდოლების შემოტანა-აღჭურვაზე დაიხარჯება.

”ზუსტად მე აღარ მახსოვს რა თანხაზე იყო საუბარი, თუმცა, ეს გამოყო ინფრასტრუქტურის სამინისტრომ. დროც დასჭირდა ამის შეცვლას, ჩატარდა დამატებითი კვლევები”, – აღნიშნა მახათაძემ.

გამგეობაში აცხადებენ, რომ საბაგირო სადგურის სამი მიმართულების რეკოსნტრუქცია-მშენებლობა მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება, მეოთხე მიმართულება კი 2-3 თვის დაგვიანებით.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ჭიათურაში საბაგირო გზების სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საფრანგეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. მშენებლობას საფრანგეთის მთავრობა 13 მლნ ევროთი დააფინანსებს. პროექტის მიხედვით, სამუშაოები ჭიათურის საბაგირო გზის 4 მიმართულებაზე ჩატარდება, რომლის ჯამური სიგრძე 2480 მეტრია. ჭიათურის საბაგირო ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი სატრანსპორტო საშუალებაა, რომლითაც ყოველდღიურად 10 ათასზე მეტი პირი სარგებლობს. საბაგირო გზები დღემდე იმ მანქანა-დანადგარებით ფუნქციონირებს, რომელიც მისი თავდაპირველი ექსპლუატაციის დროს 1963 წელს დამონტაჟდა. ბაგირ-გზებზე სარემონტო სამუშაოები 1990-იანი წლებიდან აღარ ჩატარებულა.

magti 5g