სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ საკონდიტრო ხელოვნების პოპულარიზებისთვის ახალ კამპანიას „საკონდიტრო ART”-ს იწყებს. როგორც ”ფორტუნას” ”ვისოლ ჯგუფიდან” აცნობეს, კამპანიის მიზანია საკონდიტრო დარგის პოპულარიზება და კონდიტერ-დიზაინერების საქმიანობის დაფასება.
მათივე ინფორმაციით, “სმარტში” ნებისმიერი დიზაინის ტორტის დამზადებას უზრუნველყოფენ, ეს კი კონდიტერ-დიზაინერების შემოქმედებითობის დამსახურებაა. აღნიშნული მიზნით, „სმარტის“ ვაკის სუპერმარკეტში თანამედროვე მხატვრებისა და სმარტის კონდიტერ-დიზაინერების მიერ შესრულებული ტორტების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. სმარტის კონდიტერ-დიზაინერებმა ტორტები პოპულარული რეპროდუქციებით მოხატეს, თანამედროვე მხატვრებმა კი თავისუფალ თემად „ოჯახი, მზრუნველობა“ აირჩიეს და ტორტებიც თავისი შეხედულებისამებრ მოხატეს. ტორტების გაყიდვიდან შემოსული თანხა სოციალურად დაუცველ 14 სულიან ოჯახს გადაეცემა წინასააღდგომოდ.
„სმარტი“ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საკუთარ საკონდიტრო წარმოებას, ამიტომაც „სმარტის“ კონდიტერები მუდმივად გადიან პროფესიულ მასტერკლასებს საერთაშორისო გამოცდილების მქონე კონდიტერებთან და მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხისა და გემოვნური თვისებებით გამორჩეული, ულამაზესი ტორტების თუ დესერტების შეთავაზებით მათ წვლილი შეაქვთ კულინარიის დარგის განვითარებაში. „სმარტის“ „საკონდიტრო არტი“ გრძელვადიანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც ჩვენ არაერთხელ შევეცდებით დავამტკიცოთ, რომ ჩვენი კონდიტერების მიერ შესრულებული ტორტები ისეთივე შემოქმედებით შრომას ითხოვს და დასაფასებელია, როგორსაც თავად ხელოვნება”,- განაცხადა „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
ცნობისთვის, „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო და დღეისათვის თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში 16 სმარტის სუპერმარკეტი ფუნქციონირებს.