2019 წლის 14 ივნისიდან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways პირდაპირ რეისებს შეასრულებს ბაქო-ბათუმის მიმართულებით. ფრენები განხორციელდება კვირაში ორჯერ-პარასკევსა და კვირას.
აღსანიშნავია, რომ ბათუმი მეორე ქალაქია საქართველოში, სადაც ავიაკომპანია ფრენებს განახორციელებს. რეგულარული რეისები უკვე სრულდება თბილისის მიმართულებით.
“დღეს პირველი რეისი შეასრულა Buta Airways-მა ბაქო-ბათუმის მიმართულებით. აღნიშნული ავიარეისი მნიშვნელოვანი და მოსახერხებელია, ვინაიდან მრავალსაათიანი მოგზაურობის ნაცვლად, აზერბაიჯანელ ვიზიტორებსა და ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ მაქსიმუმ საათნახევარში განახორციელონ მგზავრობა. აღნიშნული ავიარეისი ხელს შეუწყობს ჩვენს ქალაქებს შორის, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებისა და ტურიზმის განვითარებას. ხვალ ბათუმში ტურისტული სეზონი იხსნება, რაც წლევანდელი ტურისტული სეზონის შესანიშნავი საჩუქარი და დასაწყისია” – აცხადებს ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე.