LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რძისა და რძის ნაწარმის ბაზარზე არსებული ვითარება დადებითად შეიცვალა

134

„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ ამოქმედების შემდეგ რძის პროდუქტების ბაზარზე არსებული ვითარება რადიკალურად გაუმჯობესდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლით დგინდება, რომ დარღვევების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა.

რეგლამენტის ამოქმედებიდან 2015 წლის ბოლომდე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისობის დასადგენად, 2000-ზე მეტი ბიზნესოპერატორის დოკუმენტური შემოწმება განახორციელა. რძესა და რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმების აღმოჩენის მიზნით, ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა 150 ნიმუშს, დარღვევა გამოვლინდა 30 მათგანში, ხოლო სხვადასხვა შეუსაბამობის გამო დაჯარიმდა 139 ბიზნესოპერატორი.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან 3 თვის განმავლობაში კი, დოკუმენტურად შემოწმებულია 892 ბიზნესოპერატორი. 55 ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შედეგად დარღვევა გამოვლინდა 7 მათგანში. მთლიანობაში, სხვადასხვა შეუსაბამობაზე დაჯარიმდა 34 ბიზნესოპერატორი.

„მომხმარებელი და მათი ინტერესების დაცვა სურსათის უვნებლობის სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია. იმის გამო, რომ შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაცია არ არსებობდა, წლების განმავლობაში ხდებოდა რძის პროდუქტების ფალსიფიკაცია არადამახასიათებელი კომპონენტების შერევით, მათ შორის, მცენარეული ცხიმების შეუზღუდავი გამოყენებით, რაც, უშუალოდ, მომხმარებელთა და მათი უფლებების დამცველი ორგანიზაციების სამართლიან აღშფოთებას იწვევდა. დადგა ამ მოთხოვნების შემუშავებისა და დანერგვის საჭიროება, რის შედეგად, დღეს მომხმარებელი იღებს სრულფასოვან სურსათს. ამის გარდა, მიღწეული შედეგი ერთგვარი სტიმულია რძის სექტორის განვითარებისთვის, ბიზნესი არის უფრო გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი,“ – აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ კახა სოხაძემ.

შეგახსენებთ, რომ „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2015 წლის 15 აგვისტოდან რძისა და რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულაციის ახალი პრინციპები განისაზღვრა, რომლის მთავარი მიზანი მომხმარებელთა დაცვა და ბაზარზე არსებული ვითარების გამოსწორება იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g