ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაკეტილია. ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსვლას საქართველოს მოქალაქეები ვერ ახერხებენ.
ოკუპირებული ტერიტორიიდან დღეს დილას მხოლოდ ის ორი ადამიანი გამოატარეს, რომლებსაც სპეციალური საშვი აქვთ. მამაკაცი ამბობს, რომ ის ჰესის სამშენებლო სამუშაოებზეა დასაქმებული და მხოლოდ ამიტომ დაატოვებინეს ოკუპანტებმა ტერიტორია.
ერთ-ერთი ქალბატონის შემთხვევაში ე.წ. საზღვარზე გადმოშვების მიზეზი დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარების საჭიროება გახდა. ოკუპანტებმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება მხოლოდ იმის გამო მისცეს, რომ მისი შვილი დიალეზზე იმყოფება.
ოკუპირებულ რეგიონში, ხიდთან, რიგში ისევ რჩებიან ადამიანები, რომლებიც ასევე სამკურნალოდ აპირებდნენ გადმოსვლას. აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდი დღეს დილით ცალმხრივად ჩაკეტა. მიზეზად 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენები და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში გამართული საპროტესტო აქციები სახელდება. ოკუპირებული სოხუმის დეფაქტო მთავრობის შეფასებით, აქციები პროვოკაციულ ხასიათს ატარებს.
ამ დროისთვის უცნობია, როდის აპირებს საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის გახსნას. წინასწარი ინფორმაციით, შეზღუდვა 10 დღე იქნება ძალაში.