კომპანია „სისტრამ“ დედაქალაქის მერიას უკვე გადასცა იმ ძირითადი ქუჩების ჩამონათვალი სადაც “მარშუტკები” ვეღარ იმოძრავებენ.
ამ ქუჩებს შორის არის: რუსთაველის, ჭავჭავაძის, რობაქიძის, წერეთლის, მარშალ გელოვანის გამზირები, ხიზანიშვილის, ვეკუას ქუჩები, გაგარინის და ჟვანიას მოედანი, ასევე პეკინის ნაწილი და ა.შ.
„მიკროავტობუსები ძირითადად გარეუბნებიდან იქნება დამაკავშირებელი და იქ იმოძრავებს, სადაც ავტობუსი გზის სივიწროვიდან გამომდინარე ვერ დადის. ასეთ მარშრუტებზე ყველგან მიკროავტობუსები იქნება გადანაწილებული. შესაბამისად, ძირითად არტერიულ ქუჩებზე, როგორიცაა მაგალითად, წერეთლის, მარშალ გელოვანის, რუსთაველის, ჭავჭავაძის გამზირები – ავტობუსებმა უნდა იმოძრაოს და იქ მიკროავტობუსები აღარ ივლის. მსგავს ტერიტორიებზე იმოძრავებს როგორც 8 მეტრიანი, ისე 24 მეტრიანი ავტობუსებიც,“ – აცხადებს მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე.
„მნიშვნელოვანია რომ გადახდის სისტემაც დაიხვეწოს და მიკროავტობუსებშიც სხვადასხვა საბანკო ბარათებით იყოს შესაძლებელი მგზავრობის საფასურის გადახდა. შესაბამისად, მაქსიმალური კომფორტი უნდა შევუქმნათ მოქალაქეებს, რომ საკუთარი ავტომობილები გააჩერონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაიწყონ მოძრაობა,“ – აღნიშნავს მუმლაძე.