თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც უცებ გამჩნდა პოლიტიკურ ველზე, მორიგ სკანდალურ განცხადებას აკეთებს. ამჯერად მისი კრიტიკა დავით უსუფაშვილმა დაიმსახურა.
ოქრუაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ყოველ წელს თავდაცვის ფონდში 36 მილიონს მისი უსაფრთხოებისთვის რიცხავდა.
მე ვაფინანსებდი ბევრ რამეს, ეს ფული იყო პეტრესი, პავლესი, ივანესი, ვთხოვე და ფული ჩადეს - ირაკლი ოქრუაშვილი
„თუ გაკრეფაა ბარემ ბოლომდე გაიკრიფოს შუა. ღიად გამოჩნდეს ვინ ბიძინასთანაა და ვინ მის წინააღმდეგ.
ისე იყო უსუფა გუშინ ტრუსიკიდან ამომხტარი, რომ აშკარად აახია ბიძინამ ყურები – ეს რა ქენი, დანაშაულის თანამონაწილედ როგორ მაქციე, ჩემთან შუამავლობა რომ დაუდასტურეო.
გვიან მიხვდით შეცდომა რომ დაუშვით?
მთელი ცხოვრება უბიწოებას ქადაგებდე და 7 წელი ბიძინას ლოგინში იწვე, მაგას განსაკუთრებული ნიჭი უნდა,“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ შოთაძის დავალებით 2014 წელს „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით მისცა ჩვენება და სანაცვლოდ გორის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის იმედი ჰქონდა. საქმესთან დაკავშირებით ოქრუაშვილმა ბიძინა ივანიშვილსა და მას შორის მოლაპარაკებების შუამავლად დავით უსუფაშვილი დაასახელა.
მისი თქმით, განცხადებამ, რომ „ვარდების რევოლუცია“ მისი დაფინანსებული იყო, გარკვეული „ღლიცინი“ გამოიწვია და მას ფინანსების მოსაზიდად არ სჭირდებოდა სახელისუფლებო ბერკეტები.
მარტო შევარდნაძის ერთი ძალოვანი მინისტრისგან 2003 წლის აპრილში 600 ათასი დოლარი მაქვს წამოღებული- ირაკლი ოქრუაშვილი
“მე გეტყვით ფაქტს, რასაც ჰქონდა ადგილი 2014 წელს და თავად განსაჯეთ რამდენად შეესაბამება ოქრუაშვილის საუბრები ამ ყველაფერს. ოქრუაშვილი თავისი სურვილით დამიკავშირდა 2014 წელს. მთხოვა შეხვედრა და შეხვედრაზე მთხოვა გადამეცა ღარიბაშვილისთვის და ივანიშვილისთვის, რომ მას ჰქონდა მზაობა, პირველი: მიეცა მნიშვნელოვანი ჩვენებები გახმაურებულ სასამართლო საქმეებზე და მეორე: მას ჰქონდა სურვილი ეთანამშრომლა პოლიტიკურად „ოცნებასთან“ და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილთან.
მე ეს კონკრეტული, ოქრუაშვილს მზაობა გადავეცი და ოქრუაშვილს დავუბრუნე მათი პასუხი, რომ შოთაძესთან უნდა ჰქონოდა ურთიერთობა სისხლის სამართლის საქმეებსა და ჩვენებებზე და დანარჩენზე მერე ისაუბრებდნენ. ეს იყო და ეს. ყოველგვარი დეტალებისა და სისხლის სამართლის საქმეებისა და მისი ჩვენებების განხილვების გარეშე. მე შევასრულე ეს კონკრეტული როლი.
მას შემდეგ რა ურთიერთობები ჰქონდა ოქრუაშვილს შოთაძესთან და რა ჩვენებები მისცა და ახლა რატომაა ეს ჩვენება არასწორი და მაშინ რატომ იყო სწორი და ა.შ ამაზე ვერაფერს გეტყვით. ერთს კი ვიტყვი, რომ ოქრუაშვილის მხრიდან მსგავსი მანევრები ახალი არ არის. მე დილით დამირეკა და მკითხა წინააღმდეგი ხომ არ ვიყავი ჩვენი შეხვედრის ფაქტის გახმაურების?! მე ვუთხარი, რომ მას საიდუმლოდ არ შევხვედრილვარ და არც არანაირი პრობლემა მქონდა შეხვედრის ფაქტის გასაჯაროების, მაგრამ თუ ახლა ის ცდილობს, მე რაიმეთი გამრიოს ან ჩემი სახელი გამოიყენოს იმისთვის, რომ თითქოს მე ვიყავი რაიმე ყალბი ჩვენებების მიცემის თაობაზე მოლაპარაკებების მონაწილე?! – ეს არის სრული სიცრუე და ეს იქნება მორიგი საამაყო ფურცელი ოქრუაშვილის ისტორიაში“, – განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში დავით უსუფაშვილმა.