თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში პარკეტის ახალი საწარმო ამუშავდა, რომელიც ამხანაგობა „ძევრის მერქანს“ ეკუთვნის.
სამი კაცისგან შემდგარმა ამხანაგობამ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში სახელმწიფოსგან 15 000 ლარის დაფინანსება მოიპოვა და სოფელ ძევრში პარკეტისა და ასევე ინტერიერისთვის აუცილებელი სხვადასხვა ზედაპირის მქონე ხის მასალის წარმოება დაიწყო. საკუთარი თანამონაწილეობითა და პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსებით ამხანაგობის წევრებმა შეიძინეს პარკეტის მწარმოებელი ხაზი და პროდუქციის დამზადებას ევროპული ტექნოლოგიებით ახორციელებენ.
ხის გადადამუშავებელ დაზგა-დანადგარებთან ერთად, საწარმოს ასევე აქვს ე.წ. სახარში, რომელშიც ხდება ხის მოხარშვა და შემდგომში მისი ტრანსპორტირება ახალ შენობაში საბოლოო პროდუქტის მიღების მიზნით. ამ დროისთვის საწარმოში დასაქმებულია 6 ადგილობრივი ადამიანი, უახლოეს მომავალში კი დამატებით 6 ადამიანის დასაქმება იგეგმება.