ლენტეხში დაკარგული შვეიცარიის ორი მოქალაქე მაშველებმა იპოვეს და ვერტმფრენის საშუალებით თბილისში გადაიყვანეს – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, თავდაპირველად ტურისტების დასახმარებლად მაშველების 10-კაციანი ჯგუფი გავიდა , თუმცა რთული რელიეფის გამო ვერტმფრენის გამოძახება გახდა საჭირო.
რამდენიმესაათიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა ტურისტები იპოვეს და ვერტმფრენის საშუალებით თბილისში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
“ტურისტების დასახმარებლად, შეტყობინების მიღებისთანავე, გავიდა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მთავარი სამმართველოს 10-კაციანი ქვეითი ჯგუფი. მაშველებმა რამდენიმესაათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, რთული რელიეფის და გარემო პირობების გათვალისწინებით, დასახმარებლად ვერტმფრენის გამოძახება გადაწყვიტეს.
დაკარგული ტურისტების სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.
მაშველებმა შეძლეს ტურისტებთან სატელეფონო კავშირის დამყარება და დაზუსტდა ინფორმაცია მათი ადგილმდებარეობის და კოორდინატების შესახებ. მაშველებმა დაათვალიერეს დაკარგული ტურისტების მიერ მოწოდებული კოორდინატების შესაბამისი ლოკაციები, ასევე სამთო-ტურისტული სავარაუდო მარშრუტები.
სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო 15-მა მაშველმა. ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.”– წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.