LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამვაი თბილისში – გამოსავალი სატრანსპორტო კოლაფსიდან

212

რა აღმოფხვრის საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით არსებულ პრობლემებს და განტვირთავს საცობებს? – „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი გვპასუხობს, რომ ეს ტრამვაია.

იმის მიუხედავად, რომ დედაქლაქის მერიამ ტრამვაის პროექტის განხორციელებაზე უარი თქვა, ასოციაციაში იმედოვნებენ, რომ ტრამვაის პროექტი თბილისში მერიის მომავალი ხელმძღვანელობის პირობებში მაინც განვითარდება.

”მერია თავს იმართლებს ხოლმე, რომ ეს არის ძალიან ძვირიანი პროექტი. თუმცა, ეს ასე არაა. ვფიქრობ, მისი ღირებულება 100 მლნ დოლარს არ უნდა აჭარბებდეს. ნებისმიერ შემთხვევაში ამ პროექტის განხორციელება ღირს” – ამბობს დავით მესხიშვილი და განმარტავს, რა სარგებელი ექნება აღნიშნული ტრანსპორტის განვითარებას დედაქალაქში.

”ის არის სწრაფი, იაფი, ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალება და რაც მთავარია, ასეთი სატრანსპორტო საშუალებით მოქალაქეები შეძლებენ ძალიან სწრაფად გადაადგილებას. გარდა ამისა, ტრამვაი, მისი არსებობის შემთხვევაში, იქნება ყველაზე იაფიანი სატრანსპორტო საშუალება დედაქალაქისთვისაც” – განუცხადა ”ფორტუნას” მესხიშვილმა.

”ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დედაქალქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზეც საუბრობს.

”ავტობუსები არის ამორტიზებული, მიკროავტობუსები გაზზე კუსტარულადაა გადაყვანილი, მეტროს რეკონსტრუქცია სჭირდება… საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის გადალაგება და სიახლეების შემოტანა. ამ სიახლეში ტრამვაი არის ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი” – აღნიშნა მესხიშვილმა.

ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ტრამვაის შემოყვანის შემთხვევაში, პრიორიტეტი არა დედაქლაქის ცენტრალური ნაწილი, არამედ გარეუბნები უნდა იყოს.

ამავე პოზიციას იზიარებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში ”თბილისის ტრამვაი”. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ამ მხრივ პერსპექტიულია როგორც ვაკე-საბურთალოს რაიონი და ძველი თბილისი, ასევე, დიდი დიღმის და დიღმის რაიონების მეტროსადგურ დიდუბესთან დამაკავშირებელი მიმართულება; ასევე ეს ხაზი შეიძლება დაუკავშირდეს ”თბილისი მოლს”, გლდანს, თემქას და მეტროსადგურ ”სარაჯიშვილს”.

ორგანიზაციამ ”თბილისის ტრამვაი” ენერგოდანახარჯების თვალსაზრისით საზოგადოებრივი ტრანსპორტის კვლევაც ჩაატარა, საიდანაც ირკვევა, რომ თბილისში, ერთ კონკრეტულ მარშრუტზე მოძრავი 11 ავტობუსი 1 დღის მანძილზე 1050 ლარის საწვავს მოიხმარს. იმავე რაოდენობის ტრამვაის ვაგონების ექსპლუატაციის შემთხვევაში, ენერგოდანახარჯები 858 ლარი იქნება, ხოლო იმის გამო, რომ ტრამვაის ყველაზე მცირე ზომის ვაგონიც კი ავტობუსზე მეტს იტევს, ამ მარშრუტზე 11 ავტობუსის მგზავრთა რაოდენობის გადასაყვანად საჭირო იქნებოდა 9 ტრამვაი და შესაბამისად 709 ლარის ენერგოდანახარჯი.

ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი კახა მჭედლიძე ”ფორტუნასთან” ამბობს, რომ ენერგოდანახარჯების გარდა ტრამვაის ეკონომიურობა მისი ექსპლუატაციის ხანგრძლივობაშიც გამოიხატება – თუ თბილისის ავტობუსები მწყობრიდან გამოვა 7-10 წლის შემდეგ, ტრამვაის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა 20-30 წელს შეადგენს.

”ერთი თანამედროვე საშუალო სტატისტიკური ტრამვაის შემადგენლობა იტევს 218 მგზავრს. ამ რაოდენობის მგზავრის გადაყვანას სჭირდება ორი დიდი ზომის ავტობუსი, ან კიდევ 145 პერსონალური ავტომობილი.

შესაბამისად, ტრამვაი ავტომობილთან შედარებით ერთი მგზავრის გადაყვანისას 8-ჯერ ეფექტურად იყენებს გზის ფართობს. ის გამოყოფილი სავალი ნაწილის მეშვეობით გვერდს უვლის რთულ საავტომობილო კვანძებს და შესაბამისად იშვიათად ხვდება საცობებში თუ ხერგილებში”- ამბობს კახა მჭედლიძე და განმარტავს, რომ ტრამვაი დიდი ტევადობის მეშვეობით იწვევს ავტომობილებზე, ავტობუსებზე და სამარშრუტო ტაქსებზე მგზავრთა ნაკადის შემცირებას, რაც ქუჩებში გადატვირთული საავტომობილო მოძრაობის შემსუბუქების საწინდარია.

არგუმენტების მიუხედავად, თბილსის მერია საკითხის მიმართ ინერტული რჩება და პოზiციის გადახედვას არ აპირებს. თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ამტკიცებს, რომ თბილისში, ტრამვაის ქსელის განვითარებას 300 მილიონ დოლარზე მეტი სჭირდება, რისი რესურსიც, მისივე თქმით, მერიას არ აქვს.

”თბილისში რამდენიმე ქსელის გაკეთება საკმაოდ ძვირადღირებულია და 300 მილიონ დოლარზე მეტია მისი ღირებულება. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ხაზია დელისი-ორთაჭალის მიმართულება, რომელიც თბილისის ცენტრალურ უბნებს გაივლის. მისი განხორციელება დაახლოებით, 140 მილიონ დოლარზე მეტი ჯდება. პროექტი საკმაოდ ძვირადღირებულია და ამის რესურსი დღეს არ არის,” – აცხადებს ლექვინაძე.

ამასთან, მერიაში არ გამორიცხავენ, რომ პროექტი განხორციელდეს – ოღონდ, იმ შემთხვევაში თუ მისით ინვესტორი დაინტერესდება. საუბარია 2009-2010 წლებში, ფრანგული საინჟინრო კომპანიის Systra–ს მიერ მომზადებული ტრამვაის ხაზის პროექტზე. აღნიშნული სქემის მიხედვით, ხაზი 14 კილომეტრის სიგრძისაა და უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან, ვაკის გავლით ორთაჭალას უკავშირდება. ”სისტრას” წარმომადგენლები ვარაუდობდნენ, რომ ამ მანძილს მგზავრები უმოკლეს ვადაში – 34 წუთში დაფარავდნენ, ხოლო ტრანსპორტი ყოველდღიურად 100 000–ზე მეტ მგზავრს მოემსახურებოდა.

ვიდრე ტრამვაის განვითარების პროექტი მერიის კაბინეტებში, ინვესტორის მოლოდინში თაროზე იმტვერება, საცობები და სატრანსპორტო პრობლემები დედაქალაქში სულ უფრო მწვავდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g