LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მედიატური გაიმართა

88

11-12 ივნისს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით, მედიის წარმომადგენლებისთვის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მედიატური გაიმართა.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ  მედიატურის წარმომადგენლებს განუცხადა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მაღალმთიან რეგიონებში წარმოების ხელშეწყობაა. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონს მეღვინეობის, მესაქონლეობის, მეფუტკრეობის დარგების განვითარების მიმართულებით მზარდი პოტენციალი აქვს.

მედიატურის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისი, შპს მექანიზატორის სერვისცენტრი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ძირაგეული“,   შპს GEO-FLOWER, ღვნინის ქარხანა ,,ხვანჭკარა პრემიუმი“, ახლადგაშენებული ვენახი და კომპანია ,,ბლაუენშტაინ საქართველოს“ მეცხოველეობის ფერმა დაათვალიერეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი, თანამედროვე სტანდარტების რეგიონული ოფისი ამბროლაურში 2014 წლის ივნისში გაიხსნა. რეგიონული სამსახური  უზრუნველყოფს მავნე სურსათის გამოვლენასა და განადგურებას, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას და ეპიდაფეთქებების ლიკვიდაციას, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას მავნე ორგანიზმებისაგან.

შპს „მექანიზატორის“ ამბროლაურის სერვისცენტრში  35 ერთეული ტრაქტორი და 93 ერთეული აგრეგატია განთავსებული. სერვისცენტრის მომსახურების არეალი  ამბროლაურის, ლენტეხის, ონის და ცაგერის მუნიციპალიტეტებს მოიცავს.

მედიატურის ფარგლებში, ჟურნალისტებმა შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოებიც დაათვალიერეს.

მედიატურის ბოლოს, ოთარ დანელიამ ჟურნალისტებთან სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობის, რაჭის რეგიონში განხორციელებული სამუშაოების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

„მედიასაშუალებების ჩართულობა გამორჩეულ როლს თამაშობს იმ სტერეოტიპის დამსხვრევაში, რომ სოფლის მეურნეობაში საქმიანობა არაპრესტიჟული და წამგებიანია. დღეს აგრარულ დარგში ბიზნესის კეთება შესაძლებელია. მთავარია ცოდნის გაღრმავება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება. სახელმწიფო პროექტების ხელშეწყობით, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში,  შეგვიძლია შევქმნათ ისეთი პროდუქცია, რომლის რეალიზაციის პრობლემა არ იქნება. ასეთ რეგიონებში არის ყველა ის პირობა, რაც ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა, ყველაზე მოთხოვნადი პროდუქციის წარმოების შესაძლებლობას იძლევა”, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.

მედიატურს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, შპს „მექანიზატორის” დირექტორი პაატა შეყილაძე და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს უფროსი გიორგი მიშელაძე ესწრებოდნენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g