გაზზე მომუშავე ავტობუსების შემოყვანის ტენდერში მესამე ეტაპზე მხოლოდ სამი კომპანია გადავიდა, – ამის შესახებ ”ფორტუნას” დედაქალაქის ვიცე მერმა ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ტექნიკური და ფინანსური მაჩვენებლების შეფასება კონსულტანტებმა უკვე დაასრულეს, მაჩვენებლები კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარებით ბანკშია (EBRD) გაგზავნილი.
”ფორტუნას” კითხვაზე, თუ რატომ გაჭიანურდა გამარჯვებულის გამოვლენის ვადები, ლექვინაძე განმარტავს, რომ მერია EBRD-ს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
”გეთანხმებით, უკვე სამი თვეა, რაც შეფასების პროცესი მიმდინარეობს და ეს ჩვენგან დამოუკიდებელია. ამჟამად, შეფასებების მაჩვენებლები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკშია გაგზავნილი. ველოდებით დასტურს ბანკიდან, რომ შეფასების შედეგები გამოქვეყნდეს. რადგანაც სესხი EBRD-ს მიერ არის მხარდაჭერილი, შესყიდვის მთელი პროცედურა მათი წესებით ხორციელდება და ჩვენ იმ პროცედურებზე ვართ დამოკიდებულები, რომლებსაც ბანკი გვთავაზობს”, – განუცხადა ”ფორტუნას” ლექვინაძემ.
ახალი ავტობუსები თბილისში აგვისტოდან უნდა გამოჩნდეს. იგეგმება 175 ახალი, შეკუმშულ ბუნებრივ გაზზე მომუშავე, 12-მეტრიანი, ავტობუსის შემოყვანა. ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ შემოყვანილი ავტობუსები სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს.
თბილისის მერია ახალი ავტობუსების შესაძენად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 30 მილიონი ევროს ღირებულების სესხს გამოიყენებს.
გაზზე მომუშავე ახალი ავტობუსების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი 16 მარტს დასრულდა. ტენდერში შვიდი კომპანია მონაწილეობდა.