თბილისის საქალაქო სასამართლოს პრაქტიკაში, პირველი პრეცედენტია, როდესაც ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად მიიღეს, ამის შესახებ მაგდა პაპიძის საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქოს ასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა გამამტყუნებელი ვერდიქტი, სათათბიროდ განკუთვნილ პირველივე სამ საათში- 2 საათსა და 35 წუთში, ერთხმად -12 ხმით მიიღეს. აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს პრაქტიკაში, ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად მიიღეს.
საქმე ეხება 2015 წლის 19 დეკემბერს, ქ. თბილისში მომხდარ მამა-შვილის საზარელი მკვლელობის ფაქტს. მკვლელობიდან რამდენიმე საათში, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს გარდაცვლილის მეუღლე მ.პ.
მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობას არ მიიღებენ სასჯელის დანიშვნის სხდომაში, რომელიც გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2016 წლის 6 ივლისს 11 საათზე. ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კოდექსი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა არსებითი განხილვის 16 სხდომა, დაიკითხა ბრალდების 57 მოწმე, მათ შორის თავად ბრალდებული და დაცვის 2 მოწმე.
გამამტყუნებელი განაჩენი შესაძლებელია ერთჯერადად, საკასაციო წესით, გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას,“ – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.