ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამოს” მეტოქე ზაგრების “დინამო” იქნება.
ხორვატებმა მეორე თამაშიც მოუგეს მაკედონიის “ვარდარს” – 3:2 (არადა, ორჯერ აგებდნენ) და რადგან პირველი გასვლითი შეხვედრაც მოგებული ქონდათ (2:1) მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.
მასპინძელთაგან ორი გოლი ახალგაზრდა ტალანტმა მარკო პიაცამ გაიტანა, თუმცა ამ ბიჭის ჩვენ აღარ უნდა შეგვეშინდეს, რადგან ის ტურინში მიდის ”ბებერ ქალბატონთან”.
ორი “დინამოს” პირველი დაპირისპირება ზაგრებში შედგება, 26 ივლისს, საპასუხო შეხვედრა თბილისში 2 აგვისტოს არის დანიშნული.
ზაგრების ”დინამოს” მწვრთნელმა ზლატკო კრანჩარმა კომენტარი ჩვენს ”დინამოზეც” გააკეთა:
”თბილისის “დინამო”? ჩვენი წარმომადგენელი მარიან ვლაკი სომხეთში იყო და მათ თამაშს დააკვირდა. ამ კვირაში კიდევ არაერთ ინფორმაციას მივიღებთ მომავალ მეტოქეზე.
თბილისის “დინამო” ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი იყო და მდიდარი ისტორია აქვს. ისინი 4-4-2 სქემით თამაშობენ. ყველანაირად მზად უნდა შევხვდეთ ქართველებთან მატჩებს.”
https://www.youtube.com/watch?v=VJ5seWaLfeI