LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთ-საქართველოს საზღვარზე ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტი აშენდება

225

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, საქართველოს პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, თურქეთ-საქართველოს საზღვარზე ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტის „მარადიდი-მურათლის“ მშენებლობა დაიწყება.

ამის შესახებ ნოდარ ხადურმა საქართველოსა და თურქეთს შორის საბაჟო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის, მემორანდუმის გაფორმების ცერემონიაზე განაცხადა.

თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრმა ამ ინიციატივისთვის, გიორგი კვირიკაშვილს მადლობა გადაუხადა.

თავის მხრივ, ბიულენთ თუფენქჯიმ განაცხადა, რომ თურქეთის მხარეს „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, დაახლოებით, ერთ თვეში დაიწყება.

სტუმარმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და თურქეთს რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობასა და სავაჭრო ბრუნვის უფრო მაღალ დონეზე აყვანის მნიშვნელობას.

„ჩვენი ურთიერთობები სამაგალითოა სხვა ქვეყნებისთვის, ჩვენი მეზობლებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. სწორედ ეს ასპექტი გვაძლევს საფუძველს იმისა, რომ ყველა სფეროში არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ, საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების კუთხით, არამედ ტრანზიტული თვალსაზრისთაც“, – განაცხადა თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა თურქ კოლეგასთან გამართულ შეხვედრას საინტერესო და საქმიანი უწოდა და აღნიშნა, რომ ხაზი გაუსვა საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის მნიშვნელობას, რაც ითვალისწინებს საბაჟო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას.

„დღეისთვის, საქართველო-თურქეთის სახმელეთო საზღვარზე მუშაობს 3 საბაჟო-გამშვები პუნქტი. ჩვენ შეთანხმებულები ვართ, რომ სამივე საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ერთობლივი მართვა გვექნება. ინფორმაციას გავცვლით ელექტრონულად, რაც დააჩქარებს ტრანზიტს, რასაც საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალთან დაკავშირებული პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.

თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის დროს გამოჩენილი სოლიდარობისათვის და აღნიშნა, რომ ამ მხრივ განსაკურებული იყო გადატრიალების მცდელობიდან ძალიან მოკლე ვადაში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში.

magti 5g