კალათბურთის ეროვნული ფედერაცია განაგრძობს თხრობას ქართული კალათბურთის გზის შესახებ – საიდან დაიწყო ქართული კალათბურთი, რა გზა გაირა დღემდე და როგორ მივიდა 2021 წლის ევრობასკეტამდე.
საქართველოს ნაკრები თავის ისტორიაში მეორე შესარჩევ ეტაპზე 1997 წელს ჩაერთო. დაიწყო თაობათა ცვლის პროცესიც. წარმოგიდგენთ გარდამავალი ეტაპის ნაკრების ოთხ მოთამაშეს – კახა შენგელიას, ლევან ქარაბაკს, დავით უსტიაშვილსა და ირაკლი ჯაფარიძეს. ეს ის კალათბურთელები არიან, პოტენციის მიხედვით იმაზე დიდი კალათბურთი რომ უნდა ეთამაშათ, ვიდრე ითამაშეს.
ქართული კალათბურთის გზა 2021 წლის ევრობასკეტამდე: ფედერაციამ ახალი პროექტი დაიწყო
კახა შენგელია
“კახა შენგელია თავის დროზე არაორდინალური ცენტრი იყო. 206 სანტიმეტრი სიმაღლის ქართველი, ძალიან ნიჭიერი შემტევი გახლდათ, ფარქვეშ მოძრაობის მდიდარი არსენალი ჰქონდა”, – ასე იხსენებს საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელის კახა შენგელიას თამაშს ცსკა-ს მწვრთნელი ანტონ იუდინი.
იგი ჩვენიანს საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრებიდანაც იცნობდა და რუსეთის ჩემპიონატიდანაც. კახა ხომ სანკტ პეტერბურგის “სპარტაკშიც” თამაშობდა და მოსკოვის “დინამოშიც”.
იგი ანდრეი კირილენკოს თანაგუნდელი იყო…
საინტერესოა, რომ ანდრეიმ ორივე შენგელიასთან მოასწრო თამაში – კახასთან კარიერის სტარტზე პეტერბურგის “სპარტაკში” და თორნიკესთან ფინიშზე, “ბრუკლინში”.
“თოკო რომ გავიცანი, მაშინვე ვკითხე – კახა შენგელია შენი ძმა ხომ არ არის-მეთქი. მე მასთან ოდესღაც ერთ გუნდში ვიყავი. თორნიკეს გაეცინა – რა ძმა, ის ხომ ჩემი მამაა! მაშინ მივხვდი, რომ კარიერის დასრულების დრო მოვიდა,” – ეს სიტყვები ანდრეი კირილენკოს ეკუთვნის.
ისევე როგორც მისი ვაჟისთვის, არც კახა შენგელიასთვის იყო უცხო ორმაგი დუბლები საქართველოს ნაკრებში. 1998 წელს, ყველაზე მძიმე მატჩში, იტალიაში, კახა 12 ქულითა და 10 მოხსნით გამოირჩა. მან კარიერა 2007 წელს დაასრულა და დააფუძნა საკალათბურთო კლუბი “ბასტიონი”…
ზუსტად ერთ წელიწადში, 2008-ში საქართველოს ნაკრებში დებიუტი ჰქონდა კახას ვაჟს თორნიკეს. მას მერე იგი ასფურცელას სისწრაფით პროგრესირებს.
“თორნიკე ისეთი შვილია, რომელიც კაცმა უნდა ინატროს. ის არამარტო დიდი მოთამაშეა, ყოველმხრივ დიდი პიროვნება, საკუთარ ხალხსა და ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ერთგული კაცია, რომლის მთავარ ცხოვრებისეულ ამოცანას საქართველოს კეთილდღეობის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა წარმოადგენს,” – ამბობს კახა შენგელია.
საქართველოს ნაკრების გზა 2021 წლის ევრობასკეტამდე – ნაწილი IV (ვიდეო)
ლევან ქარაბაკი
90-იან წლებში ბევრი ნიჭიერი კალათბურთელი გვყავდა – ნაკრებში ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდნენ ვახტანგ ნაცვლიშვილი, ვლადიმერ სტეფანია, ლევან ქარაბაკი, ვლადიმერ ბოისა…
როდესაც ნიჭიერებაზე ჩამოვარდება ლაპარაკი, სპეციალისტები განსაკუთრებით ქარაბაკს გამოყოფენ, წარსულში ცნობილი კალათბურთელის ზურაბ ქარაბაკის ვაჟს, რომელსაც თავისუფლად შეეძლო ეთამაშა თუნდაც იტალიის სერია A-ში. თუმცა არსებობს ერთი მუხთალი მიზეზი, რასაც ბევრი კალათბურთელისთვის “დაუდია სარმა” – ტრავმა.
ქრონიკული ტრავმების გამო ლევანმა თამაში ნაადრევად, 26 წლის ასაკში დაასრულა. ამჟამად საქართველოს სამოყვარულო B ლიგის ბინადარი გუნდის “სოკარის” მთავარი მწვრთნელია.
ლევან ქარაბაკს საქართველოს ნაკრებში არაერთი მატჩი აქვს მაღალ დონეზე ჩატარებული, რომელთაგან მაინც კვიპროსული დაპირისპირება უნდა გამოვარჩიოთ. 1997 წელს ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სათამაშოდ ქართველები კვიპროსში ჩაფრინდნენ. პირველი მატჩი ჩეხეთთან დათმეს, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად კი კვიპროსისა და ავსტრიის ძლევა სჭირდებოდათ. კუნძულელებს დაძაბულ ბრძოლაში 72:69 აჯობეს. ამ შეხვედრაში ქარაბაკმა და ვახტანგ ნაცვლიშვილმა იფრინეს. ლევანმა 21 ქულა ჩააგდო (3-დან 2 სამიანი), ვატომ – 28.
მეორე დღეს ავსტრიას ოვერტაიმში მოუგეს და კვიპროსიდან ამაყად დაბრუნდნენ.
ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტამდე: ნაწილი 2 (ვიდეო)
დავით უსტიაშვილი
ლევან ქარაბაკი (18 ქულა), ვახტანგ ნაცვლიშვილი (20) და ვლადიმერ სტეფანია (22) გამთამაშებელ დავით უსტიაშვილს დაეხმარნენ სანაკრებო კარიერაში პასების რეკორდი დაემყარებინა: 32 წუთში მან 7 შედეგიანი გადაცემა და 9 ქულა მოაგროვა. ეს იყო 1996 წელს სლოვაკეთთან თბილისური მატჩისას, რომელიც იმ ციკლში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსივრებელი იყო. სლავებს ხომ 20 ქულის სხვაობით (91:71) მოვუგეთ და ჯავრი ვიყარეთ სტუმრად დამარცხების გამო, რომელშიც მსაჯებსაც დიდი წვლილი მიუძღოდათ.
– სლოვაკეთი ხელწამოსაკრავი გუნდი რომ არ იყო, სტუმრად გამართულ შეხვედრაშიც გამოჩნდა. მეტოქემ თბილისშიც მობილური კალათბურთი ითამაშა და პირველ ტაიმში თანაბრად გვებრძოლა. მეორე ნახევრის დასაწყისში ტემპს მოვუმატეთ და 3-4 სწრაფი შეტევა შედეგიანად დავასრულეთ. მეტოქის შეტევებსაც კარგად ვშლიდით და მოვიპოვეთ ათქულიანი უპირატესობა. მატჩის ბოლოს სლოვაკები გატყდნენ და 91:71 გავიმარჯვეთ. 7 შედეგიანი გადაცემა მომიგროვდა, რაც უმთავრესად თანაგუნდელების დამსახურებაა: სწრაფი შეტევებისას ისინი კარგად გარბოდნენ და მეც ვცდილობდი პასები არ დამეყოვნებინა, – კარგად ახსოვს 23 წლის წინანდელი მატჩი გამთამაშებელ დავით უსტიაშვილს, რომელმაც კარიერა საბერძნეთში განაგრძო, მაგრამ მუხლის მძიმე ტრავმის გამო ბოტასიც ნაადრევად ჩამოკიდა ლურსმანზე და ნაკრებშიც მხოლოდ 4 მატჩი მოუგროვდა.
იგი წლების განმავლობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ეროვნულში იგორ კოკოშკოვის ასისტენტი იყო. სწორედ დავით უსტიაშვილის ხელმძღვანელობით მოიპოვა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ორჯერ (2007 და 2011 წლებში) ევროპის ჩემპიონატის საგზური.
საქართველოს ნაკრების გზა 2021 წლის ევრობასკეტამდე – ნაწილი III (ვიდეო)
ირაკლი ჯაფარიძე
1999 წლის 27 თებერვალს თბილისს ევროპული კალათბურთის ვარსკვალვები ესტუმრნენ – პოცეკო, გალანდა, მარკონატო, ფუჩკა, კიაჩიგი… მართალია, ჩვენში საკალათბურთო “სკუადრა აძურა” საფეხბურთოზე პოპულარული არ არის, მაგრამ იტალიელმა კალათბურთელებმა მაინც ბევრი ავტოგრაფი ჩამოარიგეს და ფოტოებიც გადაიღეს…
თუმცა ყველაზე ეფექტური მაინც ირაკლი ჯაფარიძის სურათი აღმოჩნდა – ფოტოგრაფმა ზურაბ გენგიურმა რუსთაველი წინახაზელი იტალიის ფარქვეშ დააფიქსირა. ნახეთ, როგორ შეჰყურებენ ჩვენიანს იტალიელი ვარსკვლავები. ეს ის ხალხია, იმავე წელს ევროპის ჩემპიონატი რომ მოიგო.
ჯაფარიძე რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრების შეუცვლელი წევრი იყო, მოძრავი და აგრესიული შემტევი. ამიტომაც მოუგროვდა 16 მატჩი ეროვნულ ნაკრებში.
ირაკლი ეროვნულ გუნდთან დაკავშირებით ერთ სახალისო ამბავს იხსენებს:
“ნაკრები საწვრთნელ შეკრებაზე ისრაელში იმყოფებოდა და 30-გრადუსიანი სიცხიდან, ევროპირველობის შესარჩევ შეხვედრაში, ჩეხეთში ჩასვლა 28-გრადუსიან ყინვაში მოუხდა. სერიოზული დისკომფორტი იყო, მაგრამ ჩვენ თავს ვჩიოდით? – გვყავდა ნაკრების ორი თილისმა, რომლებსაც ბიჭები თვალის ჩინივით ვუფრთხილდებოდით. ვცდილობდით, რაც შეიძლება თბილად გვყოლოდა. საბოლოოდ ევროპულ ყინვას ჩვენც გადავურჩით და ჩვენი თილისმებიც, ჩეხეთს კი ვერ გადავურჩით – 7 ქულის სხვაობით დავმარცხდით.”
ეს ორი თილისმა ორი “სიმპათიური” ზაზუნა იყო.