LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დავაკლოთ ჩვენს ასაწყობ ნაძვის ხეებს ერთი სათამაშო და ამ ცარიელ ადგილს ერქვას ,,თავისუფლება” – გიორგი კეკელიძე ვაჟა გაფრინდაშვილზე

1432
გიორგი

მწერალი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მიერ დაანონსებულ აქციაზე სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ ის მსვლელობას შეუერთდება. კეკელიძე იმ მიზეზებზე დეტალურად საუბრობს, თუ რატომ უცხადებს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის ოჯახს სოლიდარობას და რატომ მიდის ხვალ აქციაზე.

“ხვალ – ვაჟა გაფრინდაშვილისთვის . დავაკლოთ ჩვენს ასაწყობ ნაძვის ხეებს ერთი სათამაშო და ამ ცარიელ ადგილს ერქვას ,,თავისუფლება”. მე სამოქალაქო აქტივისტი, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, ვერ გახლავართ. უფრო სხვა ფლანგიდან ვცდილობ ჩვენი ქვეყნის შენებაში უმცირესი წვლილის შეტანას და გარე ყრილობებსაც უიშვიათესად თუ ვუერთდები, მაგრამ ხვალ, 11 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან ოკუპაციის ხაზისკენ გამართულ ექიმის ოჯახის მიერ ორგანიზებულ მსვლელობას აუცილებლად დავესწრები.
და აი, რატომ

1) ცხადად გამოჩნდა, რომ მტრის წინაშე პირში წყლის ჩაგუბებით, ეს წყალი საწამლავად იქცევა, ვყლაპავთ და ჩვენვე გვწამლავს. მტერი ამას არ ,,გვიფასებს” და ,,სასამართლომ” გუშინ მკაფიოდ შემოგვითვალა: ,,ეგ თქვენი დუმილი ჩვენ არ გვესმის, ყრუ ვართ და ულმობელი”

2) მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ საქართველოში სხვა დანარჩენი მილიონებისთვის თითოეული ადამიანი დგას სამყაროს ცენტრში და ეს ცენტრი იქ ინაცვლებს, სადაც ის ადამიანი იტანჯება

3) მსოფლიომ და მათ შორის ჩვენც უნდა დავინახოთ – თავისუფლება არის მთავარი ნიშანი ადამიანად ყოფნის უპირატესობის და ეს უპირატესობა სხვა ადამიანის უსამართლო პატიმრობის წაყრუებით არ უნდა დავთმოთ

4) ხვალ, ოკუპაციის ხაზთან დგომა, არის ერთადერთი გზა ქართული გახლეჩილი საზოგადოების გადარჩენის, იმის ხმამაღლა თქმის შესაძლებლობა, რომ იქ სადაც ადამიანის და სამშობლოს თავისუფლების საკითხი დგას, იშვიათად, მაგრამ მაინც შეგვიძლია გაერთიანება

5) ხვალ, ოკუპაციის ხაზთან, მე მივდივარ არა მხოლოდ ვაჟა გაფრინდაშვილის, არამედ ჩემი, შენი და მისი თავის გამოხსნის მოთხოვნით

დიახ, დავაკლოთ ჩვენს ასაწყობ ნაძვის ხეებს ერთი სათამაშო და ამ ცარიელ ადგილს ერქვას ,,თავისუფლება”- წერს გიორგი კეკელიძე. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g