LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კეკელიძე: „გიფიქრიათ იმ სურათებზე, რომლებიც ბავშვობისას თავზე დაგყურებდნენ? მთელი რომანია ეგ ფიქრი“

111
თამარ ბაგრატიონი (1)

მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში გურიის დილის ერთ-ერთ ტრადიციას იხსენებს:

„ადამიანების გაღვიძების დაუთქმელი რიტუალი გურიაში ასეთია:

ერთი იღვიძებს და გადაულაპარაკებს მეორეს: „გღვიძავს?“ – „კი, ერთი საათია გაშტერებული მაქ თვალები“. _ „იი და გუშინ რამინიეს გოგოს ამბავი გეიგე? რაფერ იმასუქნია დაბადებისდღეში“

და მერე – ღობეა გასაკეთებელი. ღორი ძვრება. შაქარმა ფასი მოიმატა. პაკისტანში როგორი ქარიშხალი ყოფილა. ანტენაა შესაბრუნებელი სადგურისკენ. ვერ იჭერს კარგად.

განსაკუთრებით გრძელი და მისტიკური ეს საუბრები ზამთრობითაა, როცა დილას დადგომა უჭირს. მამალი კი ყივის პარალელურად და ტრადიციების სრული დაცვით. მერე ერთი რისკავს და დგება – ცეცხლს შეუნთებს.

ცეცხლი დილის სიკვდილს ნიშნავს. თუ პატარა ხარ, შენ ყველაზე გვიან წამოხტები. შესაბამისად, დილის შობას აკვირდები – როგორ იშორებს კედელი ნელ-ნელა ღამის ჩრდილებს და დაზეპირებული ოთახი იბადება.

ოთახში, კედლებზე მზერას შეხორცებულ სურათებს ამჩნევ: ლომონოსოვი მიდის სკოლაში – სწავლა არასდროსაა გვიან და დედა-სამშობლოც გვეძახის. ან სამი კაცი შუბებით, ავთანდილ-ტარილ-ფრიდონი რომ გგონია და ასაკის მატებისას «три богатыря» აღმოჩნდება და ან ლამაზი, მკერდგანახევრებული ქალის გადიდებული ფოტო, შენს რომელიმე წინაპრად რომ გეგულება, გაკრული რუსულის წაკითხვას რომ ლამობ და ბოლოს ჯინა ლოლობრიჯიდა შეგრჩება ხელში და ან უფრო იშვიათად: სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი. გვიან გაფერადებული ფოტო. გაზეთიდან ამოჭრილი ფურცელი. ზედ ვიღაცას 35 ოთხზე გაუმრავლებია ქვეშმიწერით და ან სრულიად რატომღაც – ჰემინგუეი. ჰემინგუეი, რომელიც ჩემი დიდი ბაბუა მეგონა.

გიფიქრიათ იმ სურათებზე, რომლებიც თავზე ბავშვობისას დაგყურებდნენ? ალბათ კი. მთელი რომანია ეგ ფიქრი”, – წერს გიორგი კეკელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები