„დღეს ნიკო კვარაცხელია 27 წლის გახდა. სიტყვა „გახდებოდა“ უხერხული და უადგილო მგონია, როცა ნიკოზე ვლაპარაკობთ“, – ამის შესახებ მწერალი გიორგი კეკელიძე პოსტს აქვეყნებს და ნიკოსთან შეხვედრას იხსენებს.
გიორგი კეკელიძე იმედს გამოთქვამს, რომ განმუხურში, ერთ გამორიყულ გემზე დაგეგმილი ნიკოს ბიბლიოთეკის გაკეთება მალე მოხერხდება და ნიკო ცოდნის გემის კაპიტანი იქნება.
„ორჯერ შევხვდი. ხანგრძლივად ვილაპარაკეთ. ცოდნას, თავდაჯერებას და ჟინს ასხივებდა. გამოცდილი კაპიტანივით.
და იოლი ნდობით ჯდებოდი მის გემში.
გემზე გამახსენდა:
როცა ნიკო მოკლეს და რაღაც დრო გავიდა, დედამისმა და მე განმუხურში, ერთ გამორიყულ გემზე მისი სახელობის ბიბლიოთეკის გაკეთება განვიზრახეთ.
დღემდე ვერ მოხერხდა. იმედი მაქვს მოხერხდება მალე.
და ცოდნის გემის, რომელიც ყველაზე დიდ ოკეანეებს გადაცურავს, კაპიტანი ისევ ნიკო იქნება“, – წერს გიორგი კეკელიძე.
