ნიკო კვარაცხელია დღეს 27 წლის გახდებოდა. იზა ომაძე შვილს დაბადების დღეს ემოციური და სევდიანი პოსტით ულოცავს.
„თვალს ვხუჭავ და ჩემს წარმოსახვაში იქითა ნაპირიდან, უკვე მძიმე ნაბიჯით და მოკრძალებული ღიმილით მოაბიჯებ 27 წლის ვაჟკაცი …
ნიკო შვილო დაბადების დღეს გილოცავთ!!!
ახლა როცა ამ ტექსტს ვწერ, სული და ხორცი ისეთი სიძლიერით ძიძგილაობს, ტკივილისგან სუნთქვა მეკვრის. მაგრამ არ მინდა ეს სუნთქვა იქამდე შეჩერდეს, სანამ კანონით განმტკიცებული „სიმართლე “ თავად არ ეტყვის ქვეყანას, ნიკო კვარაცხელია მოკლა ქვეყნის მტრებმაო და ამ დღემდე არც თუ ისე ბევრი გვაშორებს….
ხუთი წელია ვწნით ჩვენი ერთად ყოფნის ბედნიერი ისტორიებით შენთან მოსასვლელ ზეციურ კიბეს, მხოლოდ ღმერთმა იცის კიდევ რამდენი დროა საჭირო ჩახუტებამდე შვილო.
უსაშველოდ ენატრები შენს მშობლებს, შენს დაძმებს და სრულიად უცხო ადამიანებსაც კი!!!!
სულ ვამბობ, ნიკო მის წილ საქართველოს ისტორიას წერს, იოტისოდენადაც ხელს ვერ შევუშლით თქო, მიუხედავად გაუსაძლისი ტკივილისა, ვნახოთ ამ ისტორიაში ვის რა როლით ჩაწერ დედი, დიახ ვნახოთ!!!
უფლის იმედი მაქვს რომ მათემატიკური სიზუსტით იქნება ყველაფერი,ყველამ უნდა იცოდეს სიმართლე, როგორ გამოიყენეს შენი თაობის ბიჭები და როგორ წაგართვეს შანსი შენც და ჩვენს ქვეყანასაც ბევრი ინოვაციური და კეთილი საქმე გეკეთებინა!!!
რა მწარეა და რამდენია მოსაყოლი, მაგრამ დღეს ხომ შენი დაბადების დღეა!!!!
შენ გაგიმარჯოს ჩემო ნიკო, ჩვენო ნიკო და მომავლის ნიკო.
უფალს ებარებოდე შვილო.
P.S. ძვირფასო მეგობრებო, არ იფიქროთ, ან რამეს შევეგუეთ, ან ტკივილმა იყუჩა, ან კიდევ სხვა და სხვა….
არა მეგობრებო შვილის სიცოცხლე არც იყიდება!!!
ახლა პროცედურაო…
ვადებიო….
სახალხო მსაჯულნიო….
ხოდა გელოდებით ბატონო,უკვე ხუთი წელია განა მარტო ჩვენ, სრულიად საზოგადოებაც, ვინც დღემდე ცდილობს ტკივილის შემსუბუქებას!!!“, – წერს იზა ომაძე.
