„ქართული ოცნების“ წევრების განცხადებების მიუხედავად, რომ სხვადასხვა თანამდებობაზე გადანაწილების პროცესი ჯერ არ დაწყებულა, კულუარებში სავარაუდო კანდიდატებს უკვე განიხილავენ, ამის შესახებ გაზეთი „რეზონანსი“ წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარეებად პარტიის ახალი სახეების წამოწევაა გადაწყვეტილი. საბოლოოდ, ვინ სად აღმოჩნდება, ამას პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გადაწყვეტენ.
„რეზონანსი“ წერს, რომ პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე გახდება, ვიცე-სპიკერების პოსტი კი, შესაძლოა, მანანა კობახიძემ და ზვიად ძიძიგურმა შეინარჩუნონ.
რაც შეეხება საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებს, გაზეთის ინფორმაციით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ეკა ბესელია განიხილება, ადამიანის უფლებათა კომიტეტს კი, შესაძლოა, თამარ ჩუგოშვილმა უხელმძღვანელოს, თუმცა, „რეზონანსი“ წერს, რომ ჩუგოშვილი იუსტიციის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანის შემცვლელადაც განიხილება. თუ ჩუგოშვილს მთავრობაში დანიშნავენ, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარედ, შესაძლოა, მამუკა მდინარაძე დანიშნონ, რომელსაც მეორე ტური აქვს მოსაგები.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ ლევან ბერძენიშვილის შემცვლელად ახალი სახეები სახელდებიან – სიის მე-8 ნომერი რომან კაკულია, ან 34-ე დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელიც პარტია “ქართული ოცნების” საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი იყო
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში “ოცნების” სიაში ვერ მოხვედრილი თედო ჯაფარიძის ადგილი, დიდი ალბათობით, შესაძლოა დაიკავოს მისმა მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძემ.
განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ივანე კიღურაძის შემცვლელად მოსვლის დიდი სურვილი აქვს გუგული მაღრაძეს და ის ამას არც მალავს. თუმცა “ოცნების” კულუარებში ამ პოსტზე გენადი მარგველაშვილი განიხილება, რომელმაც ქუთაისში მეორე ტური უნდა მოიგოს.
საფინანსო და საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურის შემცვლელადაც მოიაზრება ახალი სახე – სიის მე-18 ნომერი ირაკლი კოვზანაძე. ასევე ვაკანტურია დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის ადგილი, მას შემდეგ, რაც ზურაბ ტყემალაძე ვერ შევიდა პარლამენტში. რამდენიმე კანდიდატს შორის სახელდება პარტიული სიის მე-5 ნომერი გიორგი გახარია, რომელიც იყო პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში და ეკონომიკური საბჭოს მდივანი.
სხვა კომიტეტებში უმეტესად, შესაძლოა, ისევ ძველი თავმჯდომარეები დარჩნენ.
