გასულ კვირას, American Music Awards-ის ცერემონიაზე, ჯიჯი ჰადიდმა ამერიკის მომავალ პირველ ლედის დასცინა. „მე მიყვარს ჩემი ქმარი, პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ჩვენი შვილები, საშა და მალია“, – განაცხადა ჰადიდმა სლავური აქცენტით.
ამ ნომრით 21 წლის მოდელმა 46 წლის მელანია ტრამპს დასცინა, რომელიც მეუღლის წინასაარჩევნო კამპანიაში გამოსვლის შემდეგ სკანდალში გაეხვია: გამოსვლის დიდი ნაწილი მიშელ ობამას მიმართვის კოპირებას წარმოადგენდა, ამიტომ ლიბერალურმა საზოგადოებამ ის პლაგიატში დაადანაშაულა.
ჰადიდის ხუმრობა კი მაყურებელთა დიდ ნაწილს არ მოეწონა. აღნიშნული ნომრის ეთერში გასვლიდან მალევე მას ინტერნეტში მკვეთრი რეაგირება მოჰყვა. ღონისძიებიდან ორი დღის შემდეგ კი ჯიჯი ჰადიდმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში პაროდიის გამო.
გოგონამ მელანიას მისამართით მიმართვა „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა. მან განმარტა, რომ აღნიშნული სცენა ხუმრობა იყო, რომელზეც პროფესიონალებმა იმუშავეს და მანაც შოუს სცენარის მიხედვით იმოქმედა. ღია წერილის ბოლოს, ჯიჯიმ იმედი გამოთქვა, რომ ამერიკის მომავალი პირველი ლედი იუმორით უყურებს მსგავს საკითხებს და გასართობი ტიპის გადაცემებს.
ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა მისის ტრამპი წერილზე პასუხის გაცემას.
