2019 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 117.6 ლარით გაიზარდა და 1 319.6 ლარი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2019 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. კერძოდ, საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 216.3 ლარი (წლიური ზრდა – 3.3 პროცენტი); ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 071.3 ლარი (წლიური ზრდა – 12.4 პროცენტი); მშენებლობა – 2 037.1 ლარი (წლიური ზრდა – 4.1 პროცენტი); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 1 935.9 ლარი (წლიური ზრდა – 1.8 პროცენტი) შეადგინა.
რაც შეეხება ხელფასებს გენდერულ ჭრილში, საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის IV კვარტალში საქართველოში კაცების საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი ქალების ხელფასზე 575 ლარით მეტია.
2019 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 018.5 ლარით, ხოლო კაცების – 1 593.2 ლარით განისაზღვრა.