“ზოგადად პიკი დგება ხოლმე პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 7-8 კვირის შემდეგ”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა, ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ “იმედის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, რადგან საქართველოში კორონავირუსი პირველად 4 კვირის წინ დაფიქსირდა, სამ კვირაში ქვეყანაში პიკურ სიტუაციას უნდა ველოდოთ.
“სანამ მარნეულის შემთხვევა მოხდებოდა, ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან მთელ მსოფლიოში მსგავსი ტენდენციაა. მეოთხეული გადაცემები უახლოეს პერიოდში ბევრი დაფიქსირდება. მატება მოსალოდნელია, მაგრამ არ მგონია, რომ უახლოეს ერთ კვირაში დრამატული მატება მოხდეს. რაც შეეხება პიკს, ზოგადად პიკი დგება ხოლმე პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 7-8 კვირის შემდეგ. ახლა არის მეოთხე კვირა, ამიტომ სამ კვირაშია მოსალოდნელია პიკური სიტუაცია. პაციენტების მატება იქნება, თუმცა, თუ ამ დინამიკით და ტემპით წავალთ, ეს იქნება ქვეყნისთვის კარგი და არ გვექნება ძალიან ბევრი მეოთხეული გადაცემა, როდესაც წყარო უცნობია“, – განმარტა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.
გოგინავამ, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ 31 პაციენტიდან 4-ის მდგომარეობა მძიმეა. 4-ივე პაციენტს თანმხლდები ქრონიკული დაავადება და პევმონია აქვთ. ექიმის თქმით, ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა დინამიკაში არ გაუარესებულა.
“დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, როგორც ძველების, ისე ახლების, არის სტაბილური და ისინი ფასდებიან, როგორც საშუალო სიმძიმის პაციენტები. უახლოეს დღეებში ველოდებით სავარაუდოდ, 3-4 პაციენტის გამოჯანმრთელებას”, – განაცხადა ინფექციონისტმა.
შეგახსენებთ, უახლესი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 66 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის უკვე გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი,
კარანტინის რეჟიმში – 3320 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 235.
ასევე იხილეთ:
კორონავირუსის სწრაფი ტესტების შემოტანა საქართველოში დღეიდან დაიწყება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა
100 000-ზე მეტი გამოჯანმრთელებული – მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ