„სამგზავრო ბილეთის ფასი, ნებისმიერი კლასის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს და ეს პრინციპი უნდა იყოს მკაცრად დაცული“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს.
დავით ზალკალიანმა საზოგადოებას კორონავირუსის გამო საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად დანიშნულ ავიარეისებთან დაკავშირებული განრიგი გააცნო.
მისი განცხადებით, 26 მარტს შედგება რეისი: თბილისი – ვენა – თბილისი; 31 მარტს – თბილისი – ამსტერდამი – თბილისი; 3 აპრილს – თბილისი – ვარშავა – თბილისი; 7 აპრილს – თბილისი – ათენი – თბილისი, ხოლო 10 აპრილს – თბილისი – ლარნაკა – თბილისი.
„მგზავრთნაკადის ორგანიზებული მართვის და მოქალაქეების საჭიროებაზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით აღნიშნული განრიგით გაგზავნილ თითოეულ ფრენაზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება რეისამდე რამდენიმე დღით ადრე. ისინი გაიყიდება თავისუფალი რეჟიმით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისივე განმარტებით, საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.