პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ფარულ-მოსმენა მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე ოპოზიციონერი კოლეგის, თინა ბოკუჩავას კრიტიკულმა გამოსვლამ გააღიზიანა.
„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ბესელიამ ბოკუჩავა პარლამენტის ტრიბუნიდან უვიცობის დემონსტრირებაში დაადანაშაულა და მიმართა, რომ წარმოდგენა არ აქვს, რას ეხება კანონპროექტი.
”ჩემს წინა გამომსვლელს აუცილებლად უნდა ვუთხრა, რომ ცოტა მეტი დრო დახარჯოს და წაიკითხოს, რაზე საუბრობს კანონპროექტი. აბსოლუტურად არაკომპეტენტური, აბსოლუტურად ზედაპირული, აბსოლუტურად საკითხისადმი სრულიად უვიცი დამოკიდებულება არის ის, რასაც ახლა ვისმენდი. ჯერ ერთი, ის მაინც უნდა წაიკითხოთ, თუ ვინ არის კანონპროექტის ინიციატორი. ამისთვის ცოტა მეტი დრო უნდა დახარჯოთ – იმაზე უფრო ნაკლები, რაც იმ არასერიოზული შეფასებების გაკეთებას სჭირდება, რასაც ახლა პარლამენტი ისმენდა. პარლამენტის სტანდარტი არის ისიც, რომ პარლამენტის წევრმა, რომელიც საკითხზე საუბრობს და აქვს პრეტენზია, რომ მას გულდასმითა და ყურადღებით უნდა მოუსმინონ, უნდა იცოდეს რაზე საუბრობს. არც ის იცი და წარმოდგენა არა გაქვს, საერთოდ რას ნიშნავს ინსპექტორის ფუნქცია და უფლებამოსილება, არც იმ მოდელთან დაკავშირებით არა გაქვთ არავითარი წარმოდგენა, რა არის სისტემა, რა ტიპის კონტროლის მექანიზმზე ვსაუბრობთ. ჯერ თავი უნდა დაანებოთ პერსონალურ მომართვებს და როდესაც პერსონალურ მომართვებს აკეთებთ, პერსონალურად მიიღებთ პასუხს. პარლამენტის ტრიბუნიდან უვიცობის დემონსტრირებას რომ მოახდენ, პასუხსაც მიიღებ. კარგად წაიკითხე კანონპროექტი, კარგად გაერკვიე რაზე საუბრობ და მერე შეიძლება მოგისმინოს კიდეც”, – მიმართა ბესელიამ ბოკუჩავას.
ამ გამოსვლას მოჰყვა კოლეგებს შორის კამათი – ბოკუჩავამ ბესელიას უტიფარი უწოდა.
ბესელიას გაღიზიანება ბოკუჩავას იმ გამოსვლას მოჰყვა, რომელშიც ოპოზიციონერმა დეპუტატმა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა, რომ მის მიერ პარლამენტში წარდგენილი პროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს არც ერთ რეკომენდაციას არ შეესაბამება და არის უკან გადადგმული ნაბიჯი.
“არ შეიძლება მთლიანად სუს-ის დაქვემდებარების ქვეშ გადავიდეს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მგრძნობიარე თემა – განსაკუთრებით კი მაშინ, როცა სუს-ის უფროსი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვა”, – აღნიშნული შეფასება ფარულ მოსმენა-მიყურადების საკანონმდებლო პაკეტზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ გააკეთა.
ბოკუჩავას გამოსვლას ბესელია თავდაპირველად ადგილიდან, საპასუხო რეპლიკებით გამოეხმაურა, რაზეც ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა უზრუნველეყო, “დეპუტატი მოქცეულიყო ისე, როგორც ეს პარლამენტის წევრს შეეფერება”.
“მან პარლამენტის წევრებს არ უნდა მოუწოდოს, ვინ საით უნდა გაიხედოს და ვინ როგორც ჩამოაყალიბოს საკუთარი აზრი. ჯობია, უფრო პარლამენტის წევრისთვის შესაბამისად მოიქცეს ყველა პარლამენტის წევრი”, – განაცხადა ბოკუჩავამ ბესელიას მისამართით.
ამას მოჰყვა ბესელია კრიტიკული გამოსვლა ბოკუჩავას მისამართით. კოლეგებმა ერთმანეთს უვიცი და უტიფარი უწოდეს.
დეპუტატებს შორის კამათის შეჩერება სცადა სხდომის წამყვანმა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც კოლეგებს ერთმანეთის მისამართით კორექტულობის გამოჩენა სთხოვა.