COVID-19-ის პანდემიასთან გასამკლავებლად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს 200 მლნ დოლარს გამოუყოფს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას და საქართველოს ხელისუფლებას შორის უკვე მიღწეულია შეთანხმება, საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეექვსე მიმოხილვის წარმატებით დასრულებაზე და პროგრამის საერთო თანხის გაზრდაზე.
სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს დასტურის შემდეგ დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარი დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს ბიუჯეტში გადმოსარიცხად COVID-19 პანდემიასთან გასამკლავებლად.
სსფ-ს მიერ დაფინანსების ზრდა ხელს შეუწყობს მყისიერი სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების მოგვარებას, სხვა დონორების თანხის მოზიდვას და შემდგომ აღმავლობას.
აღსანიშნავია, რომ COVID-19 პანდემიის გამო საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივა მნიშვნელოვნად გაუარესდა. სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2020 წელს მოსალოდნელია რეალური მშპ-ს 4 პროცენტიანი კლება.