ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით სულ 24 პაციენტია მოთავსებული. მათ შორის ერთი გუშინ მიიღეს. ახალი პაციენტი საკარანტინე სივრციდან გადმოიყვანეს, მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
კლინიკის ექიმი თეიმურაზ ნადირაძე აცხადებს, რომ დღეს სავარაუდოდ 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება. მისი განმარტებით, მათ განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდათ, პასუხები უარყოფითია. ექიმის თქმით, ამ დროისათვის პაციენტებს შორის ოთხი საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენების მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.
კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 408-მდე გაიზარდა
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსისგან უკვე ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 408 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 95 პაციენტი.