“თუ ეპიდსიტუაცია მოითხოვს, შესაძლოა გამოცდები აგვისტოში გადავიტანოთ”, – ამის შესახებ განათლების ხელმშემწყობი ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე თარიღის ცვლილების აუცილებლობის მოლოდინი არ არსებობს.
“დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ ვამბობთ, რომ ეროვნული გამოცდები ჩატარდება იგივე ფორმატით და იგივე დროს, როგორც ტარდებოდა წინა წლებში. შესაბამისად, ორიენტაცია გვაქვს ივლისზე. ზუსტი თარიღები ყოველთვის ცხადდება ივნისში. წელსაც ივნისში ვაცნობებთ ყველა დეტალს საზოგადოებას. ივნისში სავარაუდოდ უკვე უკეთესი სურათი გვექნება ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით. თუმცა ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს ეს არის ეროვნული გამოცდების თარიღი და მოგვიწიოს მისი აგვისტოში გადატანა, მაგრამ, ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს ეპიდსიტუაცია”, – განაცხადა მინისტრმა.
მიხეილ ჩხენკელმა ასავე ხაზი გუსვა, რომ ივნისში ცნობილი გახდება უკვე ის პროტოკოლი და რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა ჩატარდეს გამოცდები.
„ფინალური გამოცდები შეზღუდვების შემსუბუქების მე-6 ეტაპზე ჩატარდება“ – მიხეილ ჩხენკელი
“ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სფეროს წარომადგენლებთან. ჩვენთვის უმთავრესი კრიტერიუმი არის ადამიანის ჯანმრთელობა. შესაბამისად, გამოცდების დროს ზედმიწევნით კარგად იქნება დაცული პროტოკოლები, რომელსაც ჯანდაცვის სფერო მოგვაწოდებს, ეს ცალსახად ასეა. მაგალითად, ერთ სივრცეში, ერთ ოთახში გამოცდების ჩატარების დროს არაუმეტეს 10 აბიტურიენტი იქნება. გარდა ამისა, იქნება დეტალური, სპეციფიური პროტოკოლის მთელი ნუსხა. ივნისში უკეთესი სურათი იქნება ყველასთვის, მთელი მსოფლიოსთვის ზოგადად ეპიდსიტუაციის შესახებ და აქედან გამომდინარე მოხდება დასკვნების გაკეთება”, – აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.
“აკადემიური წელი არ გამოცხადდება, ეს სემესტრი შედგა” – მიხეილ ჩხენკელი