უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 19 მაისიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გადაწყვეტილება “ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე” მიიღეს.
კარანტინის რეჟიმი უქმდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ნახიდური, ფარიზი, ცურტავი, დაბა თამარისი, ხიდისყური, მუხრანა, ბალახაური და მწყნეთი.
“აღნიშნულ სოფლებში ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობით დადგენილი სხვა შეზღუდვები, რომლებიც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოქმედებს”, – აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.
რა გაიხსნა აქამდე
დღეის მდგომარეობით, შეზღუდვები შემდეგნაირად შემსუბუქდა:
- 5 მაისიდან უკვე გახსნილია ბათუმსა და ქუთაისში მიმოსვლა;
- 27 აპრილიდან დასაშვები გახდა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება და ტაქსების ოპერირება;
- ამოქმედდა ონლაინ ვაჭრობა;
- შესაძლებელი გახდა ნებისმიერ პროდუქტზე მიტანის სერვისით სარგებლობა;
- გაიხსნა ღია ტიპის აგრარული ბაზრების ნაწილი.
- გაიხსნა სილამაზის სალონები
რა შეზღუდვები რჩება ძალაში
ამოქმედებული შეზღუდვებიდან ისევ ძალაში რჩება ე.წ. კომენდანტის საათი. მოქალაქეს, ვინც გარეთ გავა 21 საათიდან დილის 6 საათამდე, 3-ათასლარიანი ჯარიმა ემუქრება. ისევ არ ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ასევე, დახურულია სავაჭრო მოლები და რესტორნები, მათ შორის, ღია ტიპის. 22 მაისამდე ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობაც.