23 მაისს 00:00 საათზე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და მასთან ერთად კომენდანტის საათი გაუქმდა. 2 თვის შემდეგ ადამიანებმა კვლავ შეძლეს საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე შეუზღუდავად ქუჩაში გამოსვლა და სეირნობა.
კორონავირუსული პანდემიის გამო კომენდანტის საათი ქვეყნის მასშტაბით 31 მარტიდან დაწესდა და 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე პერიოდში გარეთ მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე ადამიანებს შეეძლოთ გასვლა. დანარჩენი მოქალაქეები კი ამ პერიოდში ქუჩაში ყოფნის შემთხვევაში 3000 ლარით ჯარიმდებოდნენ.