20 აპრილიდან საქართველოს კინოთეატრებში რეზო გიგინეიშვილის „მძევლები“ გამოდის. დღეს კინო „ამირანში“ შედგა ფილმის დახურული ჩვენება მედიისთვის, შემდგომ კი სასტუმრო „რუმსში“ პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ფილმის რეჟისორი, რეზო გიგინეიშვილი, სცენარისტი – ლაშა ბუღაძე, პროდიუსერი – თაკო ტატიშვილი და მსახიობები: ავთო მახარაძე, მიშა გომიაშვილი, თინა დაქალიშვილი, გიორგი ხურცილავა, გიორგი გრძელიძე, ილიკო სუხიშვილი ესწრებოდნენ.
როგორც უკვე ყველა თქვენგანმა იცის, ფილმი დაფუძნებულია მოვლენებზე, რომლებიც საქართველოში „თვითმფრინავის ბიჭების“ საქმითაა ცნობილი. რეზო გიგინეიშვილმა და ლაშა ბუღაძემ აღნიშნეს, რომ თემაზე დიდხნიანი მუშაობისას მათ შორის ბევრი კამათი წარმოიშვა, საბოლოოდ კი შეთანხმდნენ, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო დოკუმენტური ფილმი. ეს არის მხატვრული ნამუშევარი, სადაც რეჟისორი და სცენარისტი ეცადნენ, გაეერთიანებინათ მრავალწლიანი მუშაობის შედეგი, როგორ შეძლეს თვითმრფინავის ბიჭების ამბის გადმოცემა, რომლის გარშემოც ბევრი ჭორი-მართალი და მითი ტრიალებდა, უკვე მაყურებლის შესაფასებელია.
ლაშა ბუღაძის თქმით, ბერლინში, კინოჩვენებაზე ფილმი, რასაკვირველია, ქართველი მაყურებლისგან განსხვავებულად აღიქვეს. მთავარი კი ისაა, რომ იქ დაინახეს ის შიში, რომელიც დღესაც ცოცხალია და რომლის წინაშეც ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს მსოფლიო, როცა ადამიანი სრულ იზოლაციაშია, ამან შეიძლება დაბადოს ისეთი დანაშაული, როგორზეც ფილმში „მძევლებია“ საუბარი.
ლაშა ბუღაძე:
მოგეხსენებათ, ეს ფილმი არ არის დოკუმენტური ქრონიკა, ეს არის ამ ისტორიული ამბის მხატვრული, ჩვენი ვერსია. ამ უშველებელი ამბიდან კონკრეტულ რაღაცებზე ვკონცენტრირდით, გმირების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, მათ ურთიერთობაზე მშობლებთან, ატმოსფეროზე, რომელიც შესაძლოა, ასეთი ყოფილიყო 80-იან წლებში.
რეზო გიგინეიშვილი:
არ მომწონს კინო, სადაც რეჟისორი მორალისტობს. როცა გავეცანი მასალას, ძალიან მძიმე იყო, წავიკითხე დაკითხვების ოქმები, შემდეგ ბევრ ადამიანს შევხვდი და მადლობა მათ, ვინც დამელაპარაკა. მათთვისაც ეს ძალიან მძიმე იყო… ამ ისტორიას ბევრი მითი ახლავს, მე და ლაშას ხალხი ქუჩაში გვეკითხება, ეს ასე იყოო? და ჩვენ ვიცით, რომ სიმართლეს არ შეესაბამება. მე და ლაშამ გადავწყვიტეთ, რაც ნამდვილად ვიცოდით, იმ ხაზს გავყოლოდით… ჩემი კონცეფცია იყო, რომ ამხელა მასშტაბის ტრაგედიაში ვერავის დავარქმევდით გმირს ან მოღალატეს. ჩემთვის საინტერესო იყო პროცესი, თეთრსა და შავს შორის ძიების. ამ ფილმის გადაღება ნამდვილი ტანჯვა იყო, რადგან უამრავ სირთულეს გადავაწყდით, მაგრამ თუკი მე და ჩემი კოლეგები გავიზარდეთ ამ პროცესში და ჩვენმა გადაღებულმა ფილმმა ადამიანები ააღელვა, ეს ჩემთვის გამარჯვებაა…
თაკო ტატიშვილი:
ვფიქრობ, რეზო გიგინეიშვილმა თავისი კარიერის შუა ეტაპზე დაამტკიცა, რომ კლიშე შეიძლება, დაირღვეს და კომერციული ფილმის შემდგომ, რეჟისორმა დაგროვილი ცოდნისა და ინტერესის ხარჯზე, შეიძლება, ძალიან საინტერესო საავტორო კინო წარმოადგინოს. პროდიუსერების სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩვენთვის ჩვენი რეჟისორის ძალიან დიდი პლუსია. „ბერლინალეზე“ წარმატებულმა დასაწყისმა და მაისში სხვადასხვა ფესტივალზე დაგეგმილმა ჩვენებებმა ჩვენი ენთუზიაზმი კიდევ უფრო გაამყარა.
ილიკო სუხიშვილი:
ჩემთვის კინოში მონაწილეობა ძალიან ახალი იყო. დამამშვიდა იმ გარემომ, რომელიც გადასაღებ მოედანზე შეიქმნა. რეჟისორი მაძლევდა კონკრეტულ დავალებებს და მას ვენდობოდი. ვფიქრობდი, რომ თუკი კონკრეტულ მომენტში ისე ვერ ვითამაშებდი, როგორც საჭირო იყო, რეზო ამას ფილმში არ ჩასვამდა. ვცდილობდი, არაფერი გამეფუჭებინა.
ავთო მახარაძე:
როდესაც რეზომ შემომთავაზა ამ ფილმში მონაწილეობა, ჩემთვის ეს ძალიან სასიხარულო იყო, რადგან ძალიან მსიამოვნებს ახალგაზრდა თაობასთან მუშაობა. რაც უნდა იყოს, როცა ახალი თაობა მოდის, მას თავისი შესრულების ტექნიკა, აღქმა და ზოგადად, სიახლეები მოაქვს. რეჟისორთან მუშაობა ძალიან გამიადვილდა. კი ვამბობთ, რომ სხვადასხვა თაობა ვართ, მაგრამ არც მთლად ასეა საქმე. ჩვენს პროფესიებში, როგორც ჩანს, არსებობს მუდმივი რაღაცები, რომლებიც პრინციპში, არ იცვლება, ძირი უცვლელია. ამდენად, იოლი, გასაგები და საინტერესო იყო რეზო გიგინეიშვილთან მუშაობა.
ამ ამბავთან მე დაკავშირებული ვარ. იმ პერიოდში მე და გეგა კობახიძე ერთად ვმუშაობდით ფილმზე. ადრეც გვიმუშავია ერთად, როცა სულ პატარა იყო. იმ თვითმფრინავში მეც შეიძლებოდა, სრულიად თავისუფლად აღმოვჩენილიყავი. გასტროლებიდან დავბრუნდი და ბათუმში უნდა წავსულიყავი გადაღებაზე. დამირეკეს ბათუმიდან, ცუდი ამინდია და ნუ გადმოფრინდებით ხვალო. არ ვიცი, რა მოხდებოდა, იმ თვითმფრინავში რომ ვყოფილიყავი. ვერაფერს შევცვლიდი და არც ამისი პრეტენზია მაქვს. ალბათ, გეგასთვის მოულოდნელი იქნებოდა ჩემი იქ ყოფნა, როგორც დანარჩენებისთვის, ვინც მონაწილეობდა ამ ამბავში…
დღეს, როცა ფილმი მეორედ ვნახე, დავფიქრდი ერთ რამეზე, ვუყურეთ მხატვრულ ნაწარმოებს, რომელიც წარმატებით შედგა და ვულოცავ ყველა მონაწილეს, მაგრამ ერთი წუთით რომ დავბრუნდეთ იმ პერიოდში, 1983 წლის 17 ნოემბერს, სხვა მოკრძალება გაუჩნდება ადამიანს არა მხოლოდ ამ ახალგაზრდების მიმართ, არამედ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც იმ თვითმფრინავში აღმოჩნდა…
შეგახსენებთ, რომ „მძევლების“ ნახვა 20 აპრილიდან შეგიძლიათ.
ნინო მურღულია