LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანაზე კვოტები დაწესდა

98

გიორგი მღებრიშვილმა და დავით სერგეენკომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთშეთანხმების დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, საქართველოში ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე შიდა კვოტები დაწესდა. კვოტები განისაზღვრა 6 პრეპარატზე, კერძოდ: გაბაპენტინზე, ზოპიკლონზე, ბაკლოფენზე, ზალეპლონზე, ტროპიკამიდსა და დექსტრომეტორფანზე.

კვოტების დადგენის მთავარი მიზანია ქვეყანაში ფსიქოტროპული ფარმაცევტული პროდუქციის შემოტანის რაოდენობის მკაცრად განსაზღვრა და ამ მიმართულებით მონიტორინგის გაძლიერება. ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს აღნიშნული მედიკამენტების არასაჭიროებისამებრ მოხმარების შეზღუდვას და ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის პრევენციას.

“ბოლო პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ წინააღმდეგ არაერთი ცვლილება და რეფორმა განხორციელდა, რამაც ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეამცირა ინტრავენური სააფთიაქო ნარკომანია. თუმცა, ნარკომანიის ტაბლეტირებული ფორმა კვლავ რჩება ნარკოპოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად. შიდა კვოტების განსაზღვრა ტაბლეტირებული სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე შიდა კვოტების განსაზღვრის გადაწყვეტილება სპეციალურმა საბჭომ მიიღო, რომლის თავმჯდომარეა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თანათავმჯდომარე – შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. საბჭოს შემადგენლობაში არიან პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

ერთობლივ სათათბირო ორგანოს – საბჭოს აქვს ნებისმიერ დროს შეკრების და დეფიციტის არსებობის შემთხვევაში, ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე კვოტების გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება.

magti 5g