შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრალდებულების ადვოკატებს საქმის ახალი მასალები გადაეცათ. საქმის ერთ-ერთ ახალ ტომში დაზარალებული გიორგი ქათამაძის დედის, ხათუნა ძოწენიძის ჩვენებაცაა.
ჩვენების მიხედვით, ქათამაძემ დედას დეტალურად მოუყვა დაბადების დღის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე.
„როდესაც ტელევიზიით გავიგეთ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის ამბავი და გიორგის ამის შესახებ ვკითხე, მითხრა, რომ დაბადების დღიდან წამოვიდა კოკოსთან, ვახო ახვლედიანთან და კიდევ სამ ბიჭთან ერთად. სულ იყვნენ ექვსნი, ელოდებოდნენ ტაქსის. მათთან მივიდა მანქანა, საიდანაც გადმოვიდნენ პიროვნებები, რომლებიც ვერ იცნო. რამდენი, არ ვიცი, ერთ-ერთი მათგანი უფრო სრული აღნაგობის. გიორგიმ დაინახა, რომ კოკოს ერთ-ერთმა მათგანმა მოუქნია ხელში არსებული სავარაუდოდ რკინის ხელკეტი. როდესაც გიორგი კოკოსკენ გაიწია, უკნიდან მოხვდა რაღაც, დაეცა და დაკარგა გონი, თუმცა ახსოვს, რომ უცნობი პიროვნებები დაცემულზეც ურტყამდნენ თავის არეში.
გიორგიმ თქვა, რომ როდესაც გონს მოვიდა, ჩამოეყრდნო რაღაც რკინას. რა რკინაზეა საუბარი, გიორგის არ ახსოვს და ვერ აკონკრეტებს. ამ დროს მასთან მივიდა ვახო და კიდევ 2 ბიჭი. ამის შემდეგ, გიორგის თქმით, მათთან მივიდა მეორე მანქანა. მათ იფიქრეს, რომ ისინიც მათთან საჩხუბრად არ ყოფილიყვნენ მისული და გაიქცნენ. კერძოდ, ვახო და კიდევ ორი ბიჭი, რომელთაგან ერთ-ერთი, როგორც შემდეგ გაირკვა, იყო გიორგი შაქარაშვილი, მირბოდნენ გიორგის წინ. ვინაიდან გიორგის აღარ ჰქონდა სირბილის თავი, გადაჭრა გზა და ჩაიმალა გზის გამყოფ ზოლში არსებულ ბუჩქებში. როგორც გიორგიმ თქვა, მათ უცნობი პიროვნებები ეძახდნენ “მიდით ბოლომდე ირბინეთ, ბოლომდე უნდა გდიოთო”. შემდეგ, გიორგის გადმოცემით, როდესაც ცოტა სიტუაცია მიწყნარდა, ის გადავიდა იქვე მიტოვებულ შენობასთან და ჩაიმალა. ის იყო მარტო, ტელეფონით დაუკავშირდა ვიღაც მეგობარს, რომელსაც სთხოვდა დახმარებას. მას ასევე დაუკავშირდა ვახო ახვლედიანი. მათ იქვე ნახეს ერთმანეთი და ვიღაცის მანქანით ერთად წამოვიდნენ თბილისში“, – ნათქვამია ხათუნა ძოწენიძის ჩვენებაში.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც „ტოიოტა ქამრიში იჯდა“, კი არ გაეკიდა შაქარაშვილს, „არამედ სწრაფი ნაბიჯებით გაჰყვნენ“.
შაქარაშვილის ოჯახი ითხოვს, „ტოიოტა ქამრიში“ მსხდომი ექვსივე მგზავრი 109 მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) გასამართლდნენ.
19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 17 ადამიანი დააკავა.