LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ მჯერა კორონასი და ტესტირებას არ გავიკეთებ” – ჩაკეტილი ყარაჯალარის მოსახლეობა სოფლის გახსნას ითხოვს

116
BeFunky-collage (10)

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ჩაკეტილი სოფლის სასწრაფოდ გახსნა მოითხოვა. ადგილობრივების განმარტებით, მას შემდეგ, რაც ტერიტორიული ერთეული ახალი კორონავირუსის გამო ჩაიკეტა, მოსახლეობას შეექმნა როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური პრობლემები. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სეზონზე მოყვანილი ბოსტნეულის ვერც გატანა-გაყიდვას და ვერც სხვა საჭირო საკვები პროდუქტის შეძენას ვერ ახერხებენ. აქციის მონაწილეთა ნაწილს კორონავირუსის არსებობის საერთოდ არ სჯერა, ნაწილისთვის კი გაუგებარია სოფლის ჩაკეტვის რეალური მიზეზი.

“მსგავსი რაოდენობის შემთხვევები სხვაგანაც ხდება, თბილისშიც და ჩვენს მეზობელ სოფლებში, მაგრამ მაინცდამაინც ჩვენი სოფელი ჩაკეტეს. არ მჯერა, არც ვირუსის და არ გავიკეთებ ტესტირებას. ვერ ვახერხებთ სოფლიდან გასვლას, თუნდაც პროდუქტების საყიდლად. ვერც ჩვენი მოყვანილი პროდუქტი გაგვაქვს გასაყიდად. რა ვქნათ, მშივრები ვართ. ასეა საჭიროო, ვისთვის არის ასე საჭირო? გახსნან სოფელი!” – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ყარაჯალარის მოსახლეობის უმეტესობა ტესტირებაზე უარს აცხადებს და ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით სოფელში, სადაც 5 ათასზე მეტი მაცხოვრებელი ფიქსირდება, ტესტირება მხოლოდ 2 400-მა ადამიანმა გაიარა. ადგილზე იმყოფებოდა სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რომელმაც ჟურნალისტებთან ტესტირების გაფართოვების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ინფიცირების  61 შემთხვევა გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა, ხოლო აქედან 37 სოფელ ყარაჯალარში დადასტურდა.

„სოფელ ყარაჯალარში 2 400-ზე მეტი ,,პისიარ“ ტესტია აღებული, რაც არ არის ცოტა. რეგისტრირებული მოსახლეობიდან აქ ყველა არ ცხოვრობს, მაგრამ კიდევ უფრო გასაააქტიურებელია სამუშაო. ჩვენ ვხედავთ, რომ კიდევ არის მოსახლეობა, რომელიც პრინციპულად და კატეგორიულად არ თანამშრომლობს, რაც აძნელებს პროცესების მართვას და აჭიანურებს ამ რეჟიმს. მათ ხელთ არის ძალიან ბევრი ბერკეტი, რამდენადაც მოქნილი, ეფექტიანი და დროული იქნება მათი ჩართულობა ტესტების აღებაში, მით უფრო სრულყოფილად გვეცოდინება სურათი. ვცდილობთ, ავუხსნათ ხალხს, რომ ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ ვდგამთ, აუცილებელია პრევენციისთვის. გასვლას და სოფლის გახსნას ითხოვენ, რაც არ არის რეკომენდებული. ეპიდემიოლოგების ჯგუფი, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები მზად არიან, რომ ჩატარდეს დროული მასობრივი ტესტირება. რთულია, არ არის ადვილი მართო ეს სიტუაცია, აქ არის რეგისტრირებული 5 ათასი ადამიანი, დიდი დასახლებაა“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში შოთა რეხვიაშვილმა.

მოსახლეობის მეტი ინფორმირებისთვის ყარაჯალარში კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესახებ ბროშურების დარიგდება დაიწყო. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ბროშურა ორენოვანია და შეიცავს ინფორმაციული ხასიათის მასალას ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე.

შეგახსენებთ, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საკარანტინო შეზღუდვები 24 ივლისს ამოქმედდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები