ფსიქიატრისა და ფსიქოლოგის დათო ანდღულაძის სახელი ბევრ მადლიერ პაციენტთან ასოცირდება. დათოს თავისი პროფესია ძალიან უყვარს. ოჯახის წევრები ამბობენ, ხშირად საკუთარი თავისთვის დროც კი არ რჩებოდა. „ფორტუნა“ დათოს დას, სოფო ანდღულაძეს ესაუბრა.
„დათო 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა. ხშირად უანგაროდ ეხმარებოდა პაციენტებს. როცა ხედავდა, საშუალება არ ჰქონდათ და დახმარება სჭირდებოდათ, ანაზღაურების გარეშე იღებდა. ავარიაში რომ მოჰყვა, მძიმედ იყო და მაინც თავის პაციენტებზე ფიქრობდა, გვითხრა: „გააფრთხილეთ ყველა ჩაწერილი პაციენტი, ხვალ არ მოვიდნენო“.
ავარიის დღეს სწორედ თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე იმყოფებოდა. დათო გვიან ღამით სახლში ველოსიპედით პაციენტისგან ბრუნდებოდა. იმ ღამეს, როცა „კომენდანტის საათი“ მოიხსნა, მას ძლიერი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა დაეჯახა. სოფოს ავარიის დღის გახსენება ძალიან უჭირს.
„იმ დღეს, გვიან ღამით „კომენდანტის საათი“ მოიხსნა და დათო ღამის პირველ საათზე მიდიოდა პაციენტისგან. ველოსიპედით სახლში ბრუნდებოდა, სწორედ ამ დროს დაეჯახა მანქანა. მეორე დღეს ლისზე ვაპირებდით ასვლას ველოსიპედებით, მაგრამ…ყველაფერი შეიცვალა. ავარიის შემდგომ დათოს ზურგის ტვინი დაუზიანდა. დღემდე რჩება მართვით სუნთქვაზე. უკვე 3 თვეზე მეტია უძრავ მდგომარეობაში წევს. თავიდან არ გვინდოდა ხალხი შეგვეწუხებინა დახმარებაზე. ძალიან დაგვეხმარნენ მეგობრები, დათოს კოლეგები…
თუმცა ახლა უკვე ფინანსურად ვეღარ ვუმკლავდებით მკურნალობას. დათო ვერ მოძრაობს, საუბარი არ შეუძლია, მხოლოდ ტუჩების მოძრაობით ცდილობს გაგვეგებინოს რამე თუ უნდა. ამ ეტაპზე ბინასაც ვყიდით. გერმანიაში მკურნალობა 186 ათასი ევრო ჯდება, თანხა სრულად უნდა ჩაირიცხოს, ნაწილი შეგროვდა, კიდევ 90 ათასი ევროს შეგროვება გვჭირდება, იმისთვის, რომ დათო სამკურნალოდ წავიყვანოთ“.
საქართველოს ბანკის ანგარიში: #GE04BG0000000125920900 მიმღები: სოფიო ანდღულაძე
თიბისი ბანკის ანგარიში #GE67TB7019045069600001 მიმღები: კონსტანტინე ანდღულაძე