LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაწყებით კლასებში მოსწავლეებმა სკოლაში უნდა იარონ: სწავლა არ დაიწყება სანამ ყველა სკოლა არ შემოწმდება

151
untitled-design-5

განათლების მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძეს განცხადებით, სწავლის დაწყების თარიღი არ შეიცვლება, თუმცა 10 სექტემბრამდე ყველა საჯარო და კერძო სკოლა საჭირო ინვენტარით სრულად აღიჭურვება.

სასწავლო პროცესი არ გადაიდება

მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე დგებუაძემ ასევე სწვალის დაწყებამდე დაგეგმილ უსაფრთხოების ღონისძიებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, 15 სექტემბრამდე ყველა საჯარო და კერძო სკოლაში ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ ინსპექტირება ჩატარდება და მხოლოდ მათი დასკვნისა და რეკომენდაციების მიხედვით გადაწყდება სასწავლო პროცესის დაწყება სკოლებისთვის.

“სწავლის დაწყების თარიღი არ შეიცვლება და სწავლა დაიწყება 15 სექტემბერს. არსებული რეკომენდაციების ფარგლებში განსაზღვრულია ყველა საჭიროებით სკოლების აღჭურვა, რომლის შესყიდვაც უკვე დასრულებულია სახელმწიფოს მიერ და მიმდინარეობს სკოლების უზრუნველყოფა. 10 სექტემბრისთვის ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება პირბადეებით, დეზობარიერებით, შესაბამისი სითხეებით ასევე თერმოსკრინინგის აპარატებით. სასწავლო წელი არ დაიწყება ისე, რომ 15 სექტემბრამდე ჯანდაცვის სამინისტროში არსებული ინსპექტირების სამსახური არ შეამოწმებს როგორც ყველა საჯარო, ასევე კერძო სკოლას და მხოლოდ ამ რეკომენდაციების და დასკვნის შემდეგ მოხდება კონკრეტულ სკოლაში სწავლის პროცესის დაწყება”, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ სკოლები სწავლის დაწყების დროს და საგაკვეთილო ცხრილს ინდივიდუალურად განსაზღვრავენ.

“იმის გამო, რომ ყველა სკოლას აქვს ინდივიდუალური საჭიროება, აქვს განსხვავებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და მოსწავლეების რაოდენობა, ამასთან დაკავშირებით სკოლებს მიეცათ სრული თავისუფლება იმისთვის, რომ თავისი საჭიროებიდან გამომდინარე დააორგანიზონ სასწავლო პროცესი. ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელსაც გასცემს განათლების სამინისტრო, ეს არის I-IV კლასებისთვის გაკვეთილების ცხრილის ისე ორგანიზება, რომ ყველა მოსწავლემ იაროს სკოლაში. იმ შემთხვევაში, თუ სკოლას აქვს გარკვეული ინფრასტრუქტურული გამოწვევები, მათ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ სასწავლო პროცესის დროს გაკვეთილების ხანგრძლივობის მოქნილობის გრაფიკი შეიმუშაონ, ასევე სწავლის დაწყების დროს განსაზღვრავს სკოლა და ასევე ეძლევათ შესაძლებლობა, რომ ცვლების მიხედვით დააორგანიზონ სასწავლო დღე”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა სკოლაში იარონ და გაკვეთილებს დაესწრონ.

“მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელსაც გასცემს განათლების სამინისტრო, არის პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით, მოსწავლეების სკოლაში სიარული და გაკვეთილების ცხრილის ისე ორგანიზება, რომ ყველა მოსწავლემ პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით, იაროს სკოლაში. იმ შემთხვევაში, თუ სკოლას აქვს ინფრასტრუქტურული გამოწვევები, ეძლევა შესაძლებლობა, რომ სწავლის დაწყების დრო განსაზღვროს უშუალოდ სკოლამ და ასევე, ეძლევა შესაძლებლობა, რომ სმენების მიხედვით დააორგანიზოს სასწავლო დღე. ასევე რეკომენდაციაა, რომ სკოლას თუ დასჭირდება გამოყენოს შაბათი დღე, როგორც სასწავლო დღე”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

პოპულარულები